ახლა მანდ შაბათია და საქართველოს ნაკრების „უემბლიზე“ გასვლამდე ოთხი დღე დარჩა. ამ არცთუ დალაგებულ სვეტს რომ ვწერ, პარასკევის ადრიანი დილაა და მე მრავალ სხვა ადამიანთან ერთად ცაში ვიმყოფები.
დაბლა მხოლოდ ღრუბლებია და, თქვენ წარმოიდგინეთ, არცერთი სტადიონი არ ჩანს.
სტადიონი იმიტომ ვახსენე, რომ ეს ჩემი სვეტი სპორტულია, ძირითადად კი საფეხბურთო, თორემ დილის რვა საათზე ფეხბურთზე ფიქრი და ლაპარაკი, მეტი რომ არ ვთქვათ, სისულელეა, მითუმეტეს, რომ მთელი ღამე ევროპული საკლუბო ფეხბურთის ყურებაში გაქვს გატარებული და თვითმფრინავშიც იმიტომ ზიხარ, რომ ფეხბურთის საყურებლად მიგიწევს გული.
მაშ ასე, და… ქართველი ფეხბურთელები პირველად მიემგზავრებიან „უემბლიზე“ სათამაშოდ. მე ცოტა ხნის წინანდელი ამბავი მახსენდება: როგორ უთრთოდა ხმა „რაიუნოს“ ტელეეკრანიდან მომზირალ ჯანფრანკო ძოლას: ხვალ „უემბლიზე“ გავდივართ და გული მიფრთხიალებს – ამგვარი მოვლენა ჩემს ცხოვრებაში ჯერ არ ყოფილაო.
ამ სიტყვებიდან 24 საათის შემდეგ ჯანფრანკომ თავისი ბავშვობის ოცნება აიხდინა, „უემბლიზე“ გავიდა, გოლი გაიტანა და იტალიის ნაკრებს მოაგებინა.
დიახ, ფეხბურთელები ის ხალხია, ოცნებები რომ აუხდებათ ხოლმე, მაგრამ ამ ოცნებათა ასახდენად წლობით ღვრიან ოფლს.
რატომ გამახსენდა ეს ამბავი?
იმიტომ, რომ თურქული ავიაკომპანიის თვითმფრინავი, რომელსაც მე ავედევნე, ქართველი ფეხბურთელებითაა სავსე.
ჩემი სავარძლიდან ასე ჩანს, რომ ბიჭები ჩინებულ ხასიათზე არიან. ღმერთმა ქნას, ეს ხასიათი ბოლომდე გაჰყვეთ და მსოფლიოს ყველაზე მწვანე, ყველაზე სწორ, ყველაზე მეტად გრძნეულ მინდორზე გასულებმა…
აი, აქ კი დავფიქრდი. ასე გაჩვეულ, გაცვეთილ, ფეხბურთზე მოლაპარაკე კაცთათვის ნაცნობ სიტყვებს მივადექი: „მაქსიმუმი უჩვენონ“.
განა ეს ის სიტყვებია, საქარველოს ნაკრებთან ერთად თვითმფრინავში მოხვედრილმა კაცმა რომ უნდა თქვას დილის რვა საათზე? „მაქსიმუმი უჩვენონ“ – ეს ნულია. ეს არაფერია, იმიტომ რომ, ასე ცივად ნათქვამს ცივი ამბებიც მოჰყვება.
ზოგადად, მინდოდა მეთქვა, რომ კარგია, როცა ფეხბურთელს ოცნება აუხდება ხოლმე. მე ის გამიხარდება, რომ თუ ყველას არა, ხუთს მაინც, თუნდაც ოთხს, სამს, ორს და ერთსაც კი, აუხდეს ოცნება ოთხშაბათს საღამოს.
ძოლას ნათქვამი სწორედ იმიტომ გამახსენდა ამ შუა ხმელთაშუა ზღვის თავზე, თორემ აგერ, ჩემს გვერდით ერთი ინგლისელი ძიაკაცი ზის და მეოთხე საათია, იახტების გამო შედგენილ რაღაც ჟურნალს კითხულობს. ამას რა უჭირს? ამას თავი ქუდში აქვს.
მოკლედ, მთელი თვითმფრინავი ფეხბურთელებითაა სავსე, ძიაკაცს კი თავი ქუდში აქვს. რას არ შეხვდები საერთაშორისო რეისზე ან ვის არ შეხვდები! მათ შორის ქართველებსაც, რომლებსაც ძალიან უყვართ ოცნება, თვითმფრინავის სალონში მოუსვენრად სიარული და სიგარეტის წევა, რითაც ძალიან წუხს ჩემი მეზობელი ინგლისელი ძიაკაცი. ჰოდა, სწორედ ამაზე გამახსენდა – ეგებ შეგვეწუხებინა ინგლისელები, ოღონდ ცოტათი სხვანაირად, ცოტათი სხვაგან – ცის ნაცვლად მიწაზე, მსოფლიოს უმწვანეს მინდორზე, იქ, „უემბლიზე“.
ვნახოთ, ჯერ გვაცალონ ციდან მიწაზე დაშვება.იქიდან უფრო დაწყობილად მოგახსენებთ.
24.04.1997