23 წლის ბორჯღალოსანმა ოთარ გიორგაძემ მორიგი დუბლი მიითვალა. 3 კვირის წინ, მშობლიურ ქუთაისში ოთიამ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ერთი მეორეზე უკეთესი ორი ლელო დადო და გერმანელთა რბევაში ყველაზე სოლიდური წვლილი დაიდო. გასულ კვირას კი ქუთაისელმა მესამე ხაზელმა ასევე ორი ლელოთი თავი საფრანგეთში გამოიჩინა.

ოთიას (და სხვა ქართველების) „ბრივმა“ პრო დ2-ის უპრინციპულეს მატჩში „მონ-დე-მარსანს“ უმასპინძლა და მეტად სანახაობრივ ორთაბრძოლაში 29:27 იმარჯვა. ჩვენდა გასახარად, თამაშის დებიუტი ოთარ გიორგაძის ორი უბრწყინვალესი ლელოთი გამოირჩა. მე-4 წუთზე ბრიველთა ულამაზესი შეტევა ქართველმა არანაკლებ ლამაზად დააბოლოვა, ხოლო მე-15 წუთზე მანვე მონდემარსანელთა დაცვის შეცდომით ისარგებლა და ორ მეტოქეს შორის სოლივით შევარდა ჩათვლის მოედანზე. ოთია საუკეთესო იყო თავის გუნდში და მატჩის შემდეგ შესაბამისი პრიზიც დაისაკუთრა.

პირველი ტაიმი „ბრივმა“ 24:6 მოიგო, მაგრამ მეორე ტაიმში სტუმრებმა იძალეს და ბონუს-ქულა მიითვალეს.

„მონ-დე-მარსანში“ 37-ე წუთზე ვეტერანი ბორჯღალოსანი ანტონ ფეიქრიშვილი გამოჩნდა და ეს მისი დებიუტი იყო. ხოლო „ბრივში“ მეორე ტაიმი ასევე ბორჯღალოსანმა პირველ ხაზელებმა – კარლენ ასიეშვილმა და სოსო ბეკოშვილმა დაიწყეს. სულ მალე მათ ვასილ ლობჟანიძეც შეუერთდა, ხოლო ოთია 59-ზე მწვრთნელებმა სათადარიგოთა სკამზე დასვეს და ამისთვის კინაღამ დაისაჯნენ. თუმცა, საბოლოოდ ყველაფერი ბრიველთათვის სასიკეთოდ დასრულდა და გუნდი პრო დ2-ის გათამაშების ცხრილში მეორე ადგილზე დამკვიდრდა.