„კარდიფ სიტი” „ჩელსისთან” უსამართლოდ დამარცხდა (1:2), რის გამოც უელსური გუნდის თავკაცმა ნილ უორნოკმა მატჩის შემდეგ მსაჯებს გაბრაზებული კაცის სანახაობა მოუწყო. 70 წლის მწვრთნელმა ჯერ „ლურჯ კოლეგას” მაურიციო სარის შეუღრინა, შემდეგ კი დოინჯშემოყრილი თეატრალურ პოზაში დადგა არბიტრების წინ და თუ შეიძლება „სირცხვილის დერეფნის” ანალოგიით ითქვას, სირცხვილის გაცილება მოუწყო მათ.

მართლაც, კვირას მსაჯები „კარდიფ სიტის” უსამართლოდ მოექცნენ. ჯერ სესარ ასპილიკუეტას ჩაუთვალეს აშკარა ოფსაიდიდან გატანილი გოლი, ხოლო შემდეგ, იმ ეპიზოდში, როდესაც უორნოკი ანტონიო რუდიგერის გაძევებას ელოდა, ჩელსის გერმანელი მცველი მხოლოდ გააფრთხილეს.

თამაშის მსვლელობის დროს უორნოკმა მეოთხე მსაჯ ანდრე მარინერს თავისი აღშფოთება ნიაღვარივით მიახალა, მაგრამ მატჩი რომ დამთავრდა, ჩუმი, ბრაზიანი პერფორმანსი ამჯობინა.

მეტიც, კარდიფელთა მწვრთნელმა ცოტა ხნით პრეს-კონფერენციაც კი გადაწია, რათა ჯერ დაწყნარებულიყო და ჟურნალისტების წინაშე აღელვებული არ წარმდგარიყო.

„ჩემი ბიჭებით ძალიან კმაყოფილი ვარ. მსაჯებმა კი გვიღალატეს. დროა ვიდეორეფერიზე გადავიდეთ. ამ თამაშისთვის სამი კვირა ვემზადებოდით, მაგრამ წაგვავგებინეს. ჩვენს სასარგებლოდ ერთ საკვანძო ეპიზოდშიც კი არ დაუსტვენიათ.

მათ არც კი იცოდნენ, რა მნიშვნელობა ჰქონდა თამაშს. „ბარნლის” ან „ბრაიტონის” ფანი რომ ვყოფილიყავი ეს მსაჯები შემიყვარდებოდა. რა ჩემი ბრალია, თუკი არბიტრებს არ შეუძლიათ შეამჩნიონ ყველაზე აშკარა თამაშგარე ან ყველაზე აშკარა პენალტი, რომელიც ოდესმე გვინახავს.

პრემიერლიგა მსოფლიოში საუკეთესო ლიგაა, რომელსაც უარესი მსაჯები ჰყავს. 70 წლის კაცი მთელი ცხოვრება ფეხბურთში იმიტომ ვარ, რომ ასეთი რაღაცები ვნახო? პირადად მე ასეთ არბიტრებს არ ვიმსახურებ.

ჩემი ფეხბურთელები გრძნობენ, თითქოს მათ ვიღაცამ კბილებში მიარტყა. ამის გამართლება არ არსებობს, ეს კრიმინალია. თუ ჩემი ბიჭები მომავალშიც ისეთ განწყობაზე იქნებიან, როგორზეც ახლა გასახდელში არიან, სეზონი დამთავრებულა და ეგ არის. რამდენჯერ უნდა გამოვიდეთ უიმედო მდგომარეობიდან ამ ჩემპიონატის განმავლობაში?”

უორნოკს „სქაი სპორტის” მიმომხილველმა და წარსულში ცნობილმა შოტლანდიელმა მწვრთნელმა გრემ სუნესმაც დაუჭირა მხარი.

„წესით იმ ეპიზოდში მსაჯს უნდა ეფიქრა: ეს აშკარა ოფსაიდია. მას კი მსგავსი არაფერი მოსვლია თავში. საინტერესოა, რა ჯანდაბას უყურებდა? არავინ ეფარებოდა. ცხადი თამაშგარე ვერ დაინახა”.