იურგენ კლოპმა აღიარა, რომ მისმა „ლივერპულმა” „ტოტენჰემ ჰოთსპურს” იღბლის წყალობით მოუგო — ტობი ალდერვეირელდმა ბოლოწამს შემთხვევით თავის კარში შეაგდო. მეორე მხრივ, გერმანელი მწვრთნელი ამბობს, რომ თუკი საბოლოოდ ჩემპიონი მაინც  მისი გუნდი გახდება, ეს ყისმათის კი არა, უტეხი სულისა და ბრძოლისუნარიანობის გამო მოხდება.

კლოპმა აღნიშნა, რომ მის ფეხბურთელებს ბედთან შეგუება არ ჩვევიათ და ალბათ სწორედ ამან განაპირობა კვირას „ენფილდზე” გამარჯვების გოლის გატანა: მო სალაჰის თავური „სფურზის” მეკარე უგო ლორისმა არასწორად მოიგერია, ბურთი მის თანაგუნდელს მოხვდა და ლონდონელთა კარში შევარდა.

„მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ბოლო დროს გამარჯვებისთვის ხშირად ვიხდით ბოდიშს, — თქვა კლოპმა, — არადა, იღბლის გარეშე იქ, სადაც დღეს „ლივერპულია”, ვერ იქნები. ვუყურებ ჩემს ბიჭებს და ვამაყობ მათი თავდაუზოგავი მუშაობით. მათ წარმატებაში შემთხვევითობის ფაქტორი არ ურევია. თუ ბოლო ტურის მერეც პირველ ადგილზე ვიქნებით, ეს იქნება ნებისყოფითა და დაჟინებით მოპოვებული ჩემპიონობა”.

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, „ტოტენჰემის” კარში გამარჯვების გოლი მერსისაიდელებმა სალაჰის აქტიურობის შედეგად გაიტანეს, მაგრამ აქტიურობა იმას არ ნიშნავს, რომ გოლი ეგვიპტელმა შეაგდო. სალაჰს, ყველა შეჯიბრებაში ერთად, უკვე 8 თამაშია თავი არ გამოუჩენია.

„მე პრემიერლიგის მოგება მინდა. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის. სულ არ მადარდებს გოლი პირადად გავიტანე თუ არა. მთავარია, რომ სამი ქულა დაგვემატა”, — თქვა თავდამსხმელმა.

ხოლო „სფურზის” განაწყენებულმა მეკარემ უგო ლორისმა თქვა: „არ ვიცი რა მოხდა. მინდოდა ბურთი დამეგდო და დავუფლებოდი, ის კი ტობის ფეხს მოხვდა და კარში შევარდა. ჩემი ბრალია. როდესაც მეკარე ხარ, პასუხისმგებლობა უნდა აიღო”.

დღეს „ლივერპულს” 32 ტურის შემდეგ 79 ქულა აქვს, მის მდევარ „მანჩესტერ სიტის” კი 31 თამაშიდან 77. „სიტი” ოთხშაბათს, 3 აპრილს „კარდიფს” უმასპინძლებს და ლიდერს თამაშების რაოდენობით გაუთანაბრდება.