ზინედინ ზიდანმა ხალხი გააკვირვა — კვირას, „სანტიაგო ბერნაბეუზე”, „რეალისა” და „უესკას” შეხვედრაში კარი თავის 20 წლის ვაჟს, ლუკას ანდო. უფრო გასაგები რომ იყოს, მან არც ტიბო კურტუა ათამაშა და არც კეილორ ნავასი.
მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე „თეთრების” ფრანგმა თავკაცმა თქვა, რომ მისი ვაჟი მადრიდელთა კარში დგომას იმსახურებდა.
„უესკამ” ლუკა ზიდანის კარში ორი გოლი გაიტანა, თუმცა აუტსაიდერთათვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. 89-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 2:2 იყო, ქარიმ ბენზემამ დიდოსტატური დარტყმით გამარჯვების გოლი შეაგდო. ამრიგად, რაც მამა ზიდანი „რეალის” სათავეში დაბრუნდა, გუნდმა ორი თამაში ჩაატარა და ორივე მოიგო.
„ლუკას ამბავი გულს მიხარებს, რადგან ეს „სანტიაგო ბერნაბეუზე” მისი დებიუტი იყო, — თქვა ზიზუმ და დასძინა, — მინდა ვთქვა, რომ დებიუტის მიუხედავად მისი თამაშით კმაყოფილი ვარ. ლუკა მესამე მეკარის კვალობაზე ძლიერია.
ტიბოს ფიზიკური პრობლემა ჰქონდა, კეილორ ნავასმა კი ნაკრებში სათამაშოდ სამხრეთ ამერიკაში იმოგზაურა და გადავწყვიტეთ მისთვის დასვენების საშუალება მიგვეცა.
ლუკა უკვე 16 წელიწადია, რაც „რეალის” ასაკობრივი და დაბალი კატეგორიის გუნდებში გამოდის. ის საკმაოდ დაოსტატებული გოლკიპერი და პიროვნულად მტკიცე ადამიანია.
საკუთრივ თამაში კი გიჟური გამოვიდა. სანახავად სასეირო. ცხადია, ჩვენ გაცილებით მეტი შეგვიძლია, მაგრამ რომ გავიმარჯვეთ ამითაც კმაყოფილები ვართ.
მოწინააღმდეგემაც სანაქებოდ ითამაშა. „უესკა” მეტს იმსახურებდა, ვიდრე ბოლო წუთზე წაგებაა. ჩვენ ქარიმის ოსტატური დარტყმის წყალობით მოვიგეთ”.
„რეალისა” და „უესკას” შეხვედრაში ყურადღება მადრიდელთა ექსპერიმენტულმა შემადგენლობამ მიიპყრო. ზიდანმა თქვა, რომ ექსპერიმენტისთვის განზრახ არ მიუმართავს:
„ჩემი მიზანი ყველა შეხვედრაში გამარჯვებაა, თუმცა სანაკრებო კვირის შემდეგ ვცდილობ ფეხბურთელები დავასვენო. გარდა ამისა, არ მჯერა, რომ ტიტულის მოგება მხოლოდ 11 კაცით შეიძლება. სეზონში 60 თამაშია და 11 კაცი ამდენს ვერ გაწვდება. ამიტომაც, ყოველ მატჩში ვცდილობ შეძლებისდაგვარად საუკეთესო შემადგენლობა ვათამაშო. ხალხი ფიქრობს, რომ მე ვცდილობ ყველას ვასიამოვნო, მაგრამ ასე არ არის. ფეხბურთელი ზედიზედ 50 შეხვედრაში რომ ათამაშო და მხოლოდ ორმოცდამეათეში შეცვალო, მაინც გაგიბრაზდება”.