მას მერე, რაც ლეო მესი პირველად გამოჩნდა „ბარსელონას” შემადგენლობაში, ყველაფერი შეიცვალა, — წერს მადრიდული გაზეთი „მარკა”, — მისი გავლენა კლუბში, მოედანსა თუ გასახდელში უზარმაზარია. მესიმ „ბარსელონაში” მენტალიტეტი შეცვალა და თავისი გუნდი „რეალზე” მაღლა დააყენა.

არგენტინელმა „ბარსას” შემადგენლობაში პირველად 2004 წელს ითამაშა და შაბათს, „ესპანიოლთან” შეხვედრაში ესპანეთის რეკორდი დაამყარა — ლა ლიგაში 334-ე გამარჯვება იზეიმა. აქამდე მოგებათა რეკორდს „რეალის” ლეგენდარული მეკარე იკერ კასილიასი ფლობდა.

სიმბოლურია, რომ გუშინდელ შეხვედრაში, „ესპანიოლის” კარში ბარსელონალთა ორივე გოლი მესიმ შეაგდო — შეხვედრა 2:0 დასრულდა.

კასილიასი კი, მოგეხსენებათ, 2015 წლის შემდეგ „პორტუში” გამოდის და ესპანეთის ჩემპიონატში მოგებების რაოდენობას ვერ გაზრდიდა.

„მარკა” წერს, რომ დღეს ლა ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებს შორის მესის ფენომენალურ რეკორდთან ყველაზე ახლოს „რეალის” კაპიტანი სერხიო რამოსია, თუმცა ჩამორჩენა დიდია და სავარაუდოდ, ის არგენტინელის შედეგს ვერას დააკლებს — 300 მოგება. სადღეისო მონაცემით რამოსი ლა ლიგის ისტორიაში მე-8 ადგილზეა.

მოქმედთაგან 257 გამარჯვებით მესამეზე მოდის სერხიო ბუსკეტსი.