ძიუდო ქართველი ქომაგისთვის ცოტა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სპორტის სახეობა. იქნებ იმიტომ, რომ ქართულ ჭიდაობასთან ყველაზე ახლოსაა და გვეჩვენებურება?! თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს – გვიყვარს და მორჩა.

თბილისის გრან-პრიც არ არის რიგითი ღონისძიება ჩვენთვის. ზოგს მეტად გვესმის, ზოგს ნაკლებად, მაგრამ ყველა ჩვენს აზარტს და ეშხს ვეძებთ და კიდევ – ქართველების ბევრ მოგებას.

აჰა, გასრულდა მორიგი ტურნირი და სასაყვედუროც არაფერი გვაქვს. იყო ჩხვიმიანის და მატიაშვილის ოქროები, ორი ვერცხლი და კიდევ ექვსი ბრინჯაო, მაგრამ რაღაც მაინც არ იყო. აი, ულამაზეს კერძს რომ მოგართმევენ, სურნელი თავბრუს რომ დაგახვევს და გასნჯვის შემდეგ აღმოაჩენ რომ უმარილოა.

ეგ მარილი აკლდა…. შავდათუაშვილი აკლდა… ლიპარტელიანი აკლდა… თუშიშვილი აკლდა… მიზეზის მეტი რაა: პერსონალური გეგმა, გადაღლა, მცირე ტრავმა, მაგრამ ეს შედეგს არ ცვლის. წელიწადში ერთხელ ეძლევა ქართველ ქომაგს საკუთარი ვარსკვლავების ხილვის საშუალება და ისიც არ ეძლევა. პარიზი და დიუსელდორფი უმართავს ჩვენებს ოვაციებს და თბილისი ვერ.

თუშიშვილის ამბავი კიდევ სულ სხვაა და სპოტრსმენის ბრალეულობა ნულის ტოლია. ხომ არის მწვრთნელი, ნაკრების და ფედერაციის ხელმძღვანელობა? ვინ უგეგმავს მსოფლიოს ჩემპიონს გამოსვლებს? როგორ აღმოჩნდა იქ, სადაც არ უნდა აღმოჩენილიყო და რატომ მიიღო დისკვალიფიკაცია? ნებისმიერ შემთხვევაში იმ ხალხის ბრალია, უკვე რომ ვახსენეთ.

ერთიც: ნუ ვაჩვენებთ უცხოელებს, რომ ჩვენივე ტურნირის რანგი და პრესტიჟი ნიახურადაც არ გვიღირს, თორემ გაისად უკვე მეორე კი არა, მეოთხე ნაკრებებით ჩამოგვივლენ, ან სულაც ბოდიშს მოგვიხდიან აღმოსავლური თავაზიანობით.

იმ ბიჭებს კი ვინც ეს სამი დღე იბრძოლა და მაქსიმუმი გაიღო, კიდევ ერთხელ მადლობა და მილოცვები ჩვენგან. რაც მთავარია, ტურნირი საქართველოს ჰიმნით დავხურეთ.