პოლ გასკოინს მთელი სტადიონი ფეხზე წამოუდგა და ოვაცია მოუწყო — მან 28 წლის შემდეგ პირველად ჩაიცვა „ტოტენჰემ ჰოთსპურის” მაისურა და მოედანზე გავიდა.

„იტალია 90″-ისა და „ევრო 96″-ის ინგლისელ გმირს ძველი გაზასი მხოლოდ ერთი რამ ჰქონდა შერჩენილი —  ხალხის სიყვარული; და ეს გულშემატკივარმა „სფურზის” ახალ, 850 მილიონ გირვანქად აშენებულ სტადიონზე გამოხატა.

„ტოტენჰემისა” და „ინტერის” ვეტერანების შეხვედრაში გაზამ მოედანზე 12 წუთი დაჰყო და სულ რამდენიმეჯერ შეეხო ბურთს, მაგრამ გალოთებული 51 წლის კერპის მინდორზე დანახვამ ემოციის არნახული ამოფრქვევა გამოიწვია.

„სფურზის” მაისურით გაზამ ბოლოს 1991 წელს, ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალში ითამაშა და მუხლის მყესები დაიწყვიტა, რის გამოც, „ლაციოში” გადასვლის წინ მთელი სეზონი გამოტოვა.

ვეტერანთა შეხვედრაში გაზამ რაფაელ ვან დერ ვაარტი შეცვალა, 70-ე წუთზე კი ტიმუ ტაინიოს დაუთმო ადგილი და სამხრეთ ტრიბუნის დიდი ოვაციებიც მოისმინა.

„Wow, რა ემოციური დაბრუნება გამოვიდა, ოღონდ მე დიდ ბოდიშს ვიხდი. ამ თამაშისთვის სამი თვე ვემზადებოდი, მაგრამ აქილევსის მყესი გამიმიზეზდა და გამისივდა.

დიდად ვაფასებ იმ სიყვარულს, რომელიც ყველა მონაწილისგან, განსაკუთრებით კი გულშემატკივრისგან ვიგრძენი.

უღრმესი მადლობა. სიყვარულით, გაზა”, — დაწერა მოგვიანებით ინგლისური ფეხბურთის ლეგენდამ „ტვიტერში”.

გაზას გარდა შეხვედრაში მონაწილეობდნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც იყვნენ იურგენ კლინსმანი, დიმიტარ ბერბატოვი და რობი კინი.

„ინტერს” ფრანჩესკო ტოლდო „წვრთნიდა”. მატჩს ჟოზე მოურინიუც დაესწრო.

ხავიერ ძანეტიმ თავის ექაუნთზე დადო ფოტო სადაც მას, ტოლდოს და ჟულიო სეზარს „განსაკუთრებული” ხელში აჰყავთ.

თამაში, რომელსაც 50 000 მაყურებელი დაესწრო, „ინტერმა” მოიგო: 5:4.

წილი
წინა სტატიამწირი მონაგარი
შემდეგი სტატიამესი კასილასზე მეტია
ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...