ვერ აღმოჩნდა თბილისური გრან-პრის მეორე დღე ჩვენი ძიუდოისტებისთვის თუნდაც ისეთივე წარმატებული, როგორც პირველი. მასპინძლის უფლებიდან გამომდინარე, თითოეულ წონაში 4 ფალავანის გაყვანის უფლება გვაქვს და სხვაგან სად უნდა დაამტკიცონ საკუთარი ოსტატობა ჩვენმა ბიჭებმა, თუ არა მშობლიურ კედლებში და გამაყრუებელი ქომაგობის აკომპანიმენტით. ვერ გამოვიდა.

ვალერი იაშვილმა (-73კგ) თბილისის გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი გვაქვს. ვალერი იაშვილმა ჯერ ბელორუსი მინკოვი გაიარა უბრძოლველად, მერე კი უკრაინელი კანივეცი და რუსი ბაბგოევი დააიპონა. ნახევარფინალში ჩვენებური აქეთ წამოეგო კუბელუ ესტრადას ფანდზე და ვადამდე დამარცხდა. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ვალერიმ ვაზარით სძლია მონღოლ განბაატარს.
ბელორუსი შოკა და და პორტუგალიელი სარაივა კი დაამარცხა, მაგრამ რუს იარცევთან ვეღარას გახდა ვალერი გიუნაშვილი.
თითო ბრძოლა მოიგეს და მერე გამოეთიშნენ ასპარეზობას ფრიდონ გიგანი და გიორგი ჩიხმელიძე.
ტატო გრიგალაშვილმა (-81კგ) თბილისის გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაშიც ბრინჯაოს დავჯერდით. ტატო გრიგალაშვილმა ჯერ თურქმენ უმიროვს სძლია ვაზარით, მერე რუსი ხუბეცოვი დააიპონა, მაგრამ გერმანელ კავილიუსთან თავად დამარცხდა. ისე მოხდა, რეპეშაჟში ტატო კობა მჭედლიშვილს შეხვდა და იმარჯვა, მერე კი ბრინჯაო ფრანგ უმარ ჯალოს არ დაანება.

კობა მჭედლიშვილის უკვე გითხარით და სანამ რეპეშაჟში წააგებდა, იტალიელი მარკონჩინის და ბერძენი ნტანაციდისის დაჩაგვრა კი მოასწრო.
გიორგი კაციაშვილმა და ბექა დონღვანმა პირველივე ბრძოლები დათმეს, ჩემპიონის ოქრო კი ჰოლანდიელ დე ველტს ერგო. ხვალ ტურნირის დასკვნითი დღეა და ყველაზე მძიმე სამ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით ტატამზე 12 ფალავანი გავა.
წილი
წინა სტატიადიხამინჯია საუკეთესოა
შემდეგი სტატიადიდი ემოცია ლონდონში — გაზა დაბრუნდა!
გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".