არამარტო მილანელების, ზოგადად ფეხბურთის ქომაგების დიდი ნაწილი დარწმუნებული იყო, რომ მაშინ ერთი ძალიან ლამაზი და სერიოზული, ამბიციური და ექსტრავაგანტური ეპოქა დასრულდა: 2017 წელს სილვიო ბერლუსკონიმ „მილანი“ ჩინურ კონსორციუმს 740 მილიონ ევროდ მიჰყიდა და კლუბი აღმასრულებელ დირექტორ ადრიანო გალიანისთან ერთად დატოვა. არადა, მათი მილანური ეპოპეა სამ ათეულ წელს ითვლიდა.
პენსიაში გასვლის შემდეგ ეს ორი პატივცემული პერსონა ყოველ ორშაბათს ერთად სადილობდა. შარშან ზაფხულში გალიანის ერთი სადილის დრო ეყო, რომ დონ სილვიო ახალ ავანტიურაში ჩაეთრია – ბერლუსკონიმ სერია C-ს „მონცა“ იყიდა.
რატომ მაინც და მაინც „მონცა“?
მიზეზი პირველი ადრიანო გალიანი ამ ქალაქიდანაა, 5 წლისა დედამ პირველად წაიყვანა სტადიონზე. მთელი ცხოვრება ამ გუნდს ქომაგობდა და უკვე მოწიფულ ასაკში მის პრეზიდენტობაზე ოცნებობდა. „მილანის“ მატჩის მსვლელობისას ხშირად უკითხავს: რას შვება „მონცა“?
მიზეზი მეორე სილვიო ბერლუსკონი დნება “პარმას” დარი ისტორიებით, როცა გუნდი ფსკერიდან ელიტაში ბრუნდება. თავის დროზე თქვა კიდეც: ერთ მშვენიერ დღეს რომელიმე გუნდთან ერთად იგივეს გავაკეთებ!
დონ სილვიომ „მონცაში“ სულ ახალი წესები მიიტანა და საფეხბურთო სამყარო პირდაღებული დატოვა:
– გუნდში მხოლოდ იტალიელები ითამაშებენ და არავითარი 11 უცხოელი ძნელად გამოსათქმელი გვარებით. ეს იქნება ჩვენი პასუხი სერია A-სთვის.
– არავითარი წვერები, ტატუები, მყვირალა ვარცხნილობა და საყურეები. გუნდს უკვე ჰყავს უფასო პარიკმახერი.
– მაქსიმალური თავაზიანობა და არავითარი განზრახი უხეშობა მოედანზე.
– არავითარი ქედმაღლობა მოედნის გარეთ. ჭიაყელების ხატვის ნაცვლად ნორმალური ავტოგრაფი და იმდენი სელფი, რამდენი ქომაგიც გთხოვს. ქომაგი მთავარია.
ჟურნალისტებმა ახალი წესები უმალ პოლიტიკურ მანიფესტად და აუსრულებელ დაპირებად შეცვალეს. რა უნდა ექნათ გუნდის საუკეთესო ფორვარდ საშა კორისთვის, რომელსაც ხელები ტატუებით აქვს დაფარული?
„ჯერ-ჯერობით გრძელსახელოებიანი მაისურით ვითამაშებ და თუ ბევრ გოლს გავიტან, მაპატიებენ“, – ხუმრობდა საშა და… იანვარში გაყიდეს.
„მონცამ“ იანვარში 16 ახალი ფეხბურთელი დაიმატა. მწვრთნელად სულაც ანდრეი შევჩენკოს ეძახდნენ და მისი ასისტენტი გალიანის ბრიფინგზეც კი ჩავიდა, მაგრამ შევა უკრაინის ნაკრებში დარჩა. „მონცას“ კრისტიან ბროკი წვრთნის, ბერლუსკონის „მილანში“ 2001-2007 წლებში რომ ბურთაობდა. დონ სილვიო აქამდე არ კარგავს იმედს, რომ „ფლამენგოდან“ კაკას გადაიბირებს.
იდეალურ ვარიანტში ბერლუსკონის სერია C- დან A-მდე გზის დაფარვა 2 წელიწადში სურდა. წელსვე ერთი ლიგით ამაღლება ალბათ არ გამოვა, რადგან ლიდერთან სხვაობა 12 ქულაა, მაგრამ ასეთები არ ნებდებიან. ადრიანო გალიანი 74 წლისა მოიყარა, თუმცა 82 წლის სილვიო ბერლუსკონისთან შედარებით უწვერული ყმაწვილია. მათ ფეხბურთში რომანტიკის დაბრუნება გადაწყვიტეს და ნაწილობრივ უკვე გამოუვიდათ:
მონცას საფეხბურთო სტადიონს ერთადერთი ანშლაგი მაკლ ჯექსონის კონცერტისას ახსოვდა. ამ ქალაქს ავტოსპორტი უფრო უყვარდა ყოველთვის, მაგრამ დღეს „მონცას“ საშინაო მატჩებზე მუდმივად ანშლაგია…