ეს ყველაფერი, რაც შვეიცარიასთან მეორე ტაიმში და ირლანდიასთან ორივე ტაიმში მოხდა, გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა. სამწუხაროდ, ამ სამივე ტაიმის დასაწყისი ისეთი იყო, რომ სარკეში ჩაახედა ქომაგი – ეს სხვა ლიგაა, სხვა აზროვნება, სხვა სიჩქარეები.
გაჩნდა ნიშნის მოგებით საუბრები და კომენტარები: „აბა, რა გეგონათ, რატომ გქონდათ იმედი?..“
თავიდანვე შევეშვათ უკიდურესობებს. არ მეგულება ადამიანი, რომელიც ამ შესარჩევშიც ისეთ შედეგებს ელოდა, როგორც ერთა ლიგაზე. ჯაკა როგორღაც სჯობს მურთაზაევს თუ ისლამხანს. თუმცა ისიც არასწორია, როცა წინასწარ გლოვობ.
ეს ფეხბურთია, ეროვნული ნაკრებია და როგორ არ უნდა იყოს აჟიოტაჟი?!
ეროვნული გუნდი პირამიდის წვერია. საიდან იქნება მაგარი ნაკრები, თუ იქამდე საფეხურებს არ გაივლი? ვლადიმირ ვაისმა განაცხადა, ირლანდიელები პრემიერლიგაში თამაშობენ, ჩვენებს კი თავიანთ სუსტ გუნდებშიც კი პრაქტიკა აკლიათო. სლოვაკს ჯერ კიდევ შვეიცარიასთან თამაშის მერე ეტყობოდა გაღიზიანებული ტონი. მანაც დაიწყო ძველი ნაცადი ხერხი – რა ვქნა, ფეხბურთელების ბრალიაო.
თუმცა, მეორე მხრივ, ვაისმა რაც თქვა, მართალი თქვა.
მწვრთნელია, ის სტატისტიკური მონაცემები, რა შეუძლიათ ირლანდიელებს და რა მის შეგირდებს. რამდენს გაუძლებს ჩვენი ნაკრების 11 ფეხბურთელი და როგორი ინტენსივობით, მშვენივრად იცის.
მე–10 წუთზე უკვე ჩანდა, რომ საქართველოს ცუდი დღე ელოდა. დარწმუნებულნი ვართ, თქვენც ისეთი შეგრძნება გექნებოდათ, თითქოს ირლანდიელები მოედანზე მეტნი იყვნენ. გვასწრებდნენ თითქმის ყველა ბურთზე, ყველა მონაკვეთზე. მოძრაობის და სწრაფი აზროვნების დეფიციტი იყო.
გაიხსენეთ ჯაბა კანკავასა და გურამ კაშიას გაფრთხილებები დუბლინში, რა ეპიზოდებში მიიღეს… უბრალოდ, ვერ ასწრებდნენ. ჩვენ რომ გვგონია, რომ ბურთი მარტო ჩვენებმა იციან და ტექნიკა მარტო ჩვენებს აქვთ, მასპინძლებმა ისე სწრაფად და აზრიანად გაათამაშეს, თქვენი მოწონებული.
ის ცუდად დაყენებული კედლიდან გატანილი გოლი რომ არა, ცხადად იკითხებოდა, ირლანდია თავისას მაინც გაიტანდა. და თუ ვერ გაიტანდა, მხოლოდ იმიტომ, რომ აღარ ჰყავს რობი კინი და დამამთავრებელ ფაზაში პრობლემა აქვს. გიბრალტარსაც კი ძლივს მოუგეს.
სხვა საქმეა, რომ ვაისმა ამაზე თამაშის მერე არ უნდა თქვას. თავის გამართლება გამოსდის და იმიტომ. მან იცოდა, სადაც მოდიოდა სამუშაოდ და იმ რესურსით უნდა გაიტანოს თავი, რა რესურსიც აქვს. მეორე მხრივ, ვაისის ბრალი არაა, რომ საქართველოში საფუძველშივე ცუდად იზრდებოდნენ ფეხბურთელები; რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს ათასგვარი არასაფეხბურთო წინაღობის გადატანა უწევდათ და უწევთ…
გიორგი ჩაკვეტაძის მაგალითი ავიღოთ. „დინამოს“ აკადემია საქართველოში საუკეთესოა, მაგრამ მოკლე მეხსიერება არ გვაქვს. მშვენივრად გვახსოვს, ბელგიის „გენტში“ რომ გადავიდა, პირველ თვეებში მწვრთნელის ასეთი კომენტარები გვახსოვს: „ბურთთან ზედმეტად ერთობა“, „პასი აქვს, მაგრამ გაცემა უჭირს“, „ფიზიკურად პრობლემები აქვს“…
ნეტავ, რატომ? ვიცი შემთხვევები, მოზარდები თუ ჭაბუკები Youtube–დან ამოღებული ევროპული ფიტნეს თუ ინდივიდუალური ვარჯიშებით ხელმძღვანელობენ. რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება, მაგრამ თავისი საქმის მცოდნე და ზედ გადაყოლილი ადამიანების, ფეხბურთის გიჟების დეფიციტია საქართველოში.
ასეა, აქ სულ არასწორი აქცენტებია.
ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც მხოლოდ ნაკრები აგროვებს გულშემატკივარს. 45 000 კაცი იყო ანდორასთან. ეროვნული გუნდის მატჩისას ყველა ჟურნალისტია და ყველა გულანთებული გულშემატკივარია, ლოჟაც სავსეა ხოლმე ამაყი სახეებით…
ერთი წამითაც არ იფიქროთ, თითქოს ვაისს ვამართლებდეთ. გავიმეორებთ: პირიქით, თავის გამართლება მას გამოსდის. იცოდა, სადაც მოდიოდა სამუშაოდ და იმ რესურსით უნდა გაიტანოს თავი, რა რესურსიც აქვს.