როგორც იქნა, საშველი დაადგა „ტოტენჰემის“ ახალი სტადიონის გახსნას. ოფიციალურად გამოცხადდა: 1 მილიარდიან, 62 ათასადგილიან სარბიელზე პირველი მატჩი 3 აპრილს გაიმართება. პრემიერლიგის მორიგ ტურში ტოტენჰემი“ თანაქალაქელ „კრისტალ პალასს“ უმასპინძლებს.

ამ მეგაპროექტის შესახებ ჯერ კიდევ თერთმეტი წლის წინათ საუბრობდნენ. თუმცა მისი განხორციელება მხოლოდ 2017 წელს დაიწყო. მერე სამუშაო პროცესი გაიწელა, ხან უსაფრთხოების, ხანაც ტექნიკური პრობლემების გამო. საბოლოოდ, შვიდთვიანი დაგვიანების შემდეგ, ახალი არენა იხსნება.

სუპერთანამედროვე სტადიონს აქვს ოთხი გიგანტური მაღალი გარჩევადობის (HD) ეკრანი, სამხრეთის 17 500-იანი უნიკალური ტრიბუნა, ძველი „უაით ჰარტ ლეინიდან“ შემორჩენილი უამრავი ნოსტალგიური ნივთი და გასაცურებელი მოედანი, რომელიც სულ რაღაც 25 წუთში გარდაიქმნება ამერიკული ფეხბურთის (NFL) სათამაშო მინდვრად. ეს კი კომერციულად ძალიან მომგებიანია.

„სიხარულით ვტირით, რადგან ოცნება აგვისრულდა – საკუთარ, შესანიშნავ სტადიონზე ვითამაშებთ,“ – თქვა „დეზების“ მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ, გასულ კვირას, „ტოტენჰემისა“ და „საუთჰემპტონის“ (3:1) 18 წლამდელთა მატჩის დასრულების შემდეგ. შეხვედრას დაახლოებით 30 ათასი მაყურებელი დაესწრო და ის გახნისწინა პირველი „ცოცხალი“ ტესტი გახლდათ.

პოჩეტინო ტრიბუნაზე კლუბის მფლობელ დანიელ ლევისთან ერთად იჯდა. „როცა „უაით ჰარტ ლეინს“ ვტოვებდით, მაშინაც ვტიროდით, გვენანებოდა სახლის დატოვება. ახლაც ვტირით, მაგრამ უკვე ბედნიერებისგან – ჩვენ შინ ვბრუნდებით.“ – აგრძელებს პოჩეტინო.
მოგეხსენებათ, ძველი სტადიონი ოდენ 28 987 მაყურებელს იტევდა.

მეორე ტესტ-მატჩი კი 30 მარტს ჩატარდება. „ტოტენჰემის“ ლეგენდები მილანის ინტერელ კოლეგებს გაეჯიბრებიან. მასპინძელთა შემადგენლობაში პოლ გასკოინი, იურგენ კლინსმანი, რობი კინი, რაფაელ ვან დერ ვაარტი, დარენ ანდერტონი, დიმიტარ ბერბატოვი და სხვა ცნობილი ვარსკვლავები ითამაშებენ.

თითქმის ორი წლის განმავლობაში „ტოტენჰემი“ საშინაო მატჩებს „უემბლიზე“ ატარებდა. თუმცა, ლეგენდარული სტადიონი მათთვის მთლად იღბლიანი ვერ გამოდგა. ძალიან უჭირდათ იქ მოგება.
“მოგესალმებით ახალ, შესანიშნავ სტადიონზე. ეს ნაგებობა კლუბის მომავალი თაობისთვის აშენდა და სიმბოლურია, რომ პირველად, ტესტ-მატჩში მინდორზე 18 წლამდელები გავიდნენ. ბევრი შრომა ჩაიდო, იყო პრობლემები, მაგრამ ახლა ძალიან ბედნიერები ვართ,“ – თქვა გულაჩუყებულმა ლევიმ.

ზემოთაც ვთქვით, ახალი არენა ისე მოაწყვეს, რომ კლუბის ძველი, ისტორიული სულიც არ დაკარგულიყო. მაგალითად, გაპრიალებულ ქვის იატაკზე ძველი სტადიონიდან წამოღებული ხრეშია გამოყენებული, სამხრეთი ტრიბუნის თავზე კი 1909 წელს შექმნილი მამლის (კლუბის სიმბოლოა) ზუსტი ასლი დაამონტაჟეს.

შესასვლელში ერთგვარი გვირაბია, რომელიც აუცილებლად უნდა გაიარო. მისი გავლისას „ტოტენჰემის“ რეალურ ისტორიაში ხვდები. შთამბეჭდავია…