„სანმა” პეპ გვარდიოლას წიგნის „ჩემი ხალხი, ჩემი ფეხბურთის” იშვიათი ეკზემპლარი იხელთა. ამ წიგნში „მანჩესტერ სიტის” კატალონიელი მწვრთნელი თავის წარსულს აღწერს, ამბობს, რომ თუ რამ იცის ბობი რობსონისა და ლუი ვან გაალის დამსახურებაა, თუმცა, რასაკვირველია, მისი პირველი მენტორი დიდი იოჰან კრუიფი გახლდათ.

კრუიფისა და გვარდიოლას თანამშრომლობა 1989 წელს დაიწყო, როდესაც ჯერაც დამწყებმა ფეხბურთელმა ამხანაგურ შეხვედრაში პირველად მოირგო „ბარსელონას” მაისურა.

„არც კი მეგონა, რომ 7 საათი იყო და დისკოთეკაზე ვერთობოდი. მართალი რომ გითხრათ, იმწუთას ნებისმიერ ფეხბურთზე მეტად ერთი შავგვრემანი გოგოს შებმა მინდოდა და ნელ სიმღერას ველოდებოდი საცეკვაოდ რომ გამეწვია. — წერს გვერდიოლა, — და სწორედ ამ დროს მოვიდა ჩემი გუნდელი „ლა მასიადან”, რომელმაც მითხრა, რომ აკადემიის წევრები დიდ გუნდს ბანიოლესში უნდა გავყოლოდით.

ასე ჩაიშალა ჩემი ცეკვა იმ მშვენიერ შავგვრემან გოგონასთან, რადგან ფიქრებით უკვე სხვაგან წავედი. მეორე მხრივ, ვიცოდი მწვრთნელის დამოკიდებულება ჩემდამი. მას ჩემთვის პირში ჰქონდა ნათქვამი, რომ ფეხბურთს ბებიამისზე ნელა ვთამაშობდი”.

დღეს გვარდიოლა კრუიფის მაშინდელ ნათქვამს სიცილით იხსენებს, მაგრამ მაშინ სასაცილოდ არ ჰქონდა საქმე. მწვრთნელის დამოკიდებულება რომ შეიტყო, დამწყებმა ფეხბურთელმა ჯიბრზე ვარჯიშს ერთიორად უმატა და საბოლოოდ, როგორც ფეხბურთელი ექვსჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი.

გვარდიოლა: „კრუიფი იყო მწვრთნელი, რომელმაც ყველაზე მეტი მასწავლა, მაგრამ იმავდროულად ის იყო კაცი, რომელმაც ყველაზე მეტი მაწვალა. მას უბრალო შეხედვით შეეძლო ჟრუანტელი გამოეწვია და შენს ძარღვებში სისხლი გაეყინა. კრუიფთან ურთიერთობაში ყოველთვის გრჩებოდა განცდა, რომ ერთი ნაბიჯით გისწრებდა. ის გენიოსი გახლდათ”.

გვარდიოლას მწვრთნელად ჩამოყალიბების პროცესში არანაკლებ მნიშვნელოვანი გამოდგა კრუიფის შემდგომი პერიოდიც. 1996-97 წლებში „ბარსელონას” სათავეში ჩაუდგა ბობი რობსონი და მართალია გუნდი ჩემპიონი ვერ გახდა, მაგრამ გვარდიოლა ამბობს, რომ ის სეზონი უმნიშვნელოვანესი გამოდგა.

გვარდიოლა: „რობსონის წლებში ფეხბურთელებმა მთელი ძალ-ღონით ბრძოლა ისწავლეს და უარი თქვეს დამოკიდებულებაზე – „თუ ღმერთი ინებებს”. მას მერე ჩვენ უკვე საფინალო სასტვენამდე ვიბრძოდით და აღარ ვეძებდით თავის გამართლების მიზეზებს, აღარ ვებღაუჭებოდით მწვთნელის შეცდომებსა და უიღბლობას”.

ხოლო რობსონის შემდეგ მოსული ლუი ვან გაალი გვარდიოლას თქმით იყო ყველაზე საინტერესო თანამოსაუბრე, აზრის გამზიარებელი, იმავდროულად კი გამოკვეთილი ხელმძღვანელი.

„ის მისმენდა. სხვა საქმეა ითვალისწინებდა თუ არა ჩემს რჩევებს. ყველა მწვრთნელს შორის, რომლის ხელმძღვანელობითაც ოდესმე მითამაშია, ფეხბურთზე საუბარში ყველაზე მეტი დრო ლუი ვან გაალთან გავატარე. ჩემი აზრით ის ფეხბურთის სამყაროში ერთ-ერთი უდიადესი ფიგურა იყო. ვერ გეტყვით იყო თუ არა საუკეთესო, როგორც თავად იმეორებდა ხოლმე, მაგრამ ფაქტია, რომ ის ძალიან, ძალიან დიდი მწვრთნელი გახლდათ. დღემდე სიამოვნებით ვიხსენებ ვან გაალის „აიაქსს”, რომელმაც მთელ მსოფლიოს ფეხბურთის დიდი გაკვეთილი ჩაუტარა”.