„ლივერპულის” ჰოლანდიელი სტოპერი ვირჯილ ვან დიიკი შესანიშნავ სეზონს ატარებს. ბევრმა მას მსოფლიოში საუკეთესო მცველიც კი უწოდა. იმაში, რომ მერსისაიდელები მნიშვნელოვნად გაძლიერდნენ და პრემიერლიგაში ყველაზე ნაკლები გოლი აქვთ გაშვებული, ვან დიიკის დამსახურება დიდია, მაგრამ „ბარსელონას” ყოფილმა კაპიტანმა კარლეს პუიოლმა ჰოლანდიელის საუკეთესოობა გააპროტესტა.
როდესაც ესპანურმა „მარკამ” პუიოლს ჰკითხა, ვინ არის მისი აზრით დღეს მსოფლიოში საუკეთესო მცველი, ყოფილმა ვარსკვლავმა როგორც მოსალოდნელი იყო ბარსელონელი ჟერარდ პიკე დაასახელა.
„საუკეთესო ჟერარდ პიკეა. ამაში ორი აზრი არ არსებობს, — თქვა კატალონიელმა კატალონიელზე.
„მარკა” მოგეხსენებათ პრო-მადრიდული გამოცემაა და პუიოლს პიკესა და „რეალის” კაპიტნის სერხიო რამოსის შედარებაც სთხოვა.
„პიკე ჯობია”, — მოკლედ მიუგო ვეტერანმა.
კითხვაზე, რით დაასაბუთებდა, რომ ბარსელონელი ყველას სჯობს და მას საკუთარ თავს როგორ შეადარებდა, პუიოლმა უპასუხა:
„პიკე მსოფლიოში საუკეთესო ცენტრალური მცველია. ჩემი და მისი სტილი განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. „ბარსელონასთვის” პიკე საკვანძო ფიგურაა. ნამდვილი ლიდერია. ყველაფერი, რასაც ის მოედანზე აკეთებს მნიშვნელოვანია. ის ფენომენი და საუცხოო მეგობარია”.
ინგლისური პრესა კი წერს, რომ „ლივერპულის” გულშემატკივრები კარლეს პუიოლს ალბათ ვერ დაეთანხმებიან. მათთვის ვირჯილ ვან დიიკი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველი კი არა, საუკეთესო მცველია.
ჰოლანდიელმა ბოლო ინტერვიუში ილაპარაკა „ლივერპულზე”, უფრო ზუსტად კი იმაზე, როგორ იბრძვიან მერსისაიდელები ერთბაშად ორი დიდი შეჯიბრების, პრემიერლიგის და ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად.
„ყველაფერი კარგად მიდის. ზუსტად იქ ვართ, სადაც გვინდოდა, რომ ვყოფილიყავით. ორივე შეჯიბრებაში გამარჯვება ურთულესი ამოცანაა, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ”, — თქვა ვან დიიკმა.