დავიდ დე ხეა და ტიბო კურტუა

ბელგიელი ტიბო კურტუა „ჩელსიდან” „რეალში” გადასვლის შემდეგ თავს კომფორტულად ვერ გრძნობს. ბოლო დროს მოხშირდა ლაპარაკი იმის შესახებ, რომ მას „სანტიაგო ბერნაბეუდან” წასვლა უნდა. სავარაუდოდ, არც მადრიდელები დაახევენ კალთებს 26 წლის მეკარეს გინდა თუ არა დარჩიო, თუმცა 2018 წლის მუნდიალის „ოქროს ხელთათმანის” მფლობელის გაყიდვას მაქსიმალურად ძვირად შეეცდებიან.

რამდენადაც ცნობილია, აქამდე ერთადერთი კლუბი, რომელიც ბელგიელის ყიდვის სურვილს არ მალავდა „მანჩესტერ იუნაიტედი” გახლდათ. მართალია, მანჩესტერელების კარს ჩინებული მეკარე, 28 წლის ესპანელი დავიდ დე ხეა იცავს, მაგრამ მისი მომავალი ბუნდოვანია და „ოლდ ტრეფორდზე” გადაწყვიტეს თადარიგი დაიჭირონ.

დე ხეასა და „მანჩესტერ იუნაიტედის” მოლაპარაკებები კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ ჩიხშია შესული. ესპანური Ok Diario ირწმუნება, რომ მიუხედავად მანჩესტერში გატარებული 8 შესანიშნავი წლისა, მეკარე წასვლაზე ფიქრობს.

ასეთ პირობებში თითქოს ყველაფერი თავის ადგილზე დგება, მაგრამ როგორც იგივე Ok Diario წერს, საქმეში „არსენალი” აპირებს ჩარევას. „მეთოფეებს” 36 წლის პეტრ ჩეხის შეცვლა სურთ, რომელიც, ბედის ირონიით, „ჩელსიში” თავის დროზე სწორედ კურტუამ შეცვალა.

ლონდონელების ჩარევა კურტუას ფასს მხოლოდ გაზრდის, რაც „რეალის” წისქვილზე უნდა ასხამდეს წყალს.