„36 წლის ვარ, მაგრამ სრულებით ვერ ვგრძნობ, რომ ფეხბურთისთვის დავბერდი. თამაში ძველებურად უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს“,- ეს იტალიის ნაკრების რეკორდსმენი რომ შეიქნა, იმ კაცის სიტყვებია.

„სამპდორიას“ თავდამსხმელი ფაბიო კუალიარელა მიმდინარე სეზონში სასწაულებს ახდენს და სერია ა-ს ბომბარდირთა დავაში 19-19 გოლის გამტან რონალდუსა და პიონტეკს ორით უსწრებს. ამას 7 საგოლე პასიც დაუმატეთ და ცხადი გახდება, რატომ უხმეს ნაკრებში – კუალიარელა დაფრინავს.

რეკორდი კი იმაში მდგომარეობს, რომ 36 წლისას ნაკრებში გოლი არავის გაუტანია და არც სასტარტოში გამოჩენილა ვინმე (ცხადია, მეკარეებს არ ვგულისხმობთ). აქამდელი რეკორდსმენი 35 წლის კრისტიან ბონუჩი იყო, მესამე ადგილზე კი 34 წლის ანტონიო დი ნატალეა.

ლიხტენშტეინთან შეხვედრისას პენალტი როცა დაინიშნა, შტატიანი პენალტისტები, ჟორჟინიო და ლეონარდო ბონუჩი განზე გადგნენ და ბურთი კვალიარელას დაუთმეს. მანაც გაიტანა.

„როცა მეორე პენალტი დაინიშნა, ნამდვილად არ მეგონა, თუ ისევ მე დამითმობდნენ, მაგრამ ბიჭებმა მითხრეს „დაარტყი. ეს შენი საღამოა“. სიმბოლურია, რომ მოხუცმა კუალიარელამ დუბლი არ იკმარა და 19 წლის მოზეს კინს საგოლედ უპასა.

არადა, ოფიციალურ შეხვედრებში ნაკრების სასტარტოში ფაბიოს 2009 წლის ოქტომბრის შემდეგ, უფრო სწორად კი 3450 დღე არ ეთამაშა.

წილი
წინა სტატიავინ აძვირებს კურტუას?
შემდეგი სტატია8 წელი თავდასხმისთვის
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".