ჟოზე მოურინიუმ, რომელიც ბევრის აზრით უჟმური და ავყია კაცია, „რეალის” ძველ-ახალ მწვრთნელზე ზინედინ ზიდანზე პრინციპში დადებითად ილაპარაკა და ამასთან მადრიდელთა მიერ კილიან მბაპეს შესაძლო ყიდვაზე გამოთქვა აზრი.

პორტუგალიელი დეკემბრის შემდეგ უმუშევარია — დეკემბერში ის „მანჩესტერ იუნაიტედიდან” გაუშვეს. შემდეგ, როდესაც „რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა მწვრთნელის თანამდებობიდან სანტიაგო სოლარი მოხსნა, დაირხა ხმა, რომ ის უპირველეს ყოვლისა სწორედ მოურინიუს დასაქმებას აპირებდა, მაგრამ ასე არ მოხდა. „რეალს” სათავეში ზიდანი ჩაუდგა.

ფრანგული „კანალ პლიუსისთვის” მიცემულ ინტერვიუში „განსაკუთრებულმა” თქვა:

„ვფიქრობ, ზიდანის როგორც მწვრთნელის მადრიდულ კარიერაზე ლაპარაკი ჯერ მაინც ადრეა, მაგრამ დროის იმ მოკლე მონაკვეთში, რაც მან „რეალში” იმუშავა, ისეთ რამეს მიაღწია, რაც სხვას არ გაუკეთებია — ზედიზედ სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა”.

შემდეგ პორტუგალიელს ჰკითხეს, რა უნდა გააკეთოს მისი აზრით ზიდანმა თავისი ფენომენალური მადრიდული წარმატებები რომ არ შეწყვიტოს.

„ახლა, როგორც მისთვის, ასევე ფეხბურთელებისთვის ახალი ეპოქის დასაწყისია, — უპასუხა მოურინიუმ, — ზიდანმა ახალი გუნდი უნდა ააწყოს, ახალი ფეხბურთელები უნდა მიიყვანოს და ძველებსაც გადახედოს. ვინც გასაშვებია, უნდა გაუშვას. მას თავისი მტკიცე სიტყვის თქმა მოუწევს. მწამს, ზიდანი ამ საქმისთვის ზედგამოჭრილია”.

შემდეგ „განსაკუთრებულს” კილიან მბაპეზე ჰკითხეს. მოგეხსენებათ, „ფრანს ფუტბოლის” ცნობით, მალე „რეალი” „პარი სენ ჟერმენს” ფრანგ ყმაწვილში არანორმალურად დიდ ფულს შესთავაზებს. 

„ის, რომ მბაპე ასეთ ახალგაზრდულ ასაკში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ყოველთვის ემახსოვრებათ. ზოგ ფეხბურთელს უმართლებს და დიდ გუნდში ხვდება, სადაც მერე ჯილდოებს იგებს, მაგრამ ეს მბაპეს შემთხვევა არ არის. საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი რომ გახდა, მისი დიდი დამსახურებაა. იმას არ ვამბობ, რომ დღეს მბაპე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ ვფიქრობ ამჟამად ის დედამიწაზე ყველაზე პერსპექტიული მოთამაშეა.

მე რომ ამა თუ იმ გუნდის მწვრთნელი ვიყო, მბაპეს ყიდვას არც კი შევეცდებოდი, რადგან ვფიქრობ დღეს მას არავინ გაყიდის. მაგრამ, თუ ვინმე მაინც ცდის მის შეძენას, წარმატებას ვუსურვებ”.

და ბოლოს, მოურინიუს მის მომავალზეც ჰკითხეს.

„24 საათი ფეხბურთზე ვფიქრობ. კარგი იქნებოდა მეხუთე გუნდი გამეხადა ქვეყნის ჩემპიონი ან ახალ გუნდთან ერთად მომეგო ჩემპიონთა ლიგა”, — თქვა „განსაკუთრებულმა”.