შემადგენლობის მიხედვით მაიამის მასტერსი დიდად არ ჩამოუვარდება დიდი სლემის ტურნირებს. ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელიც მე-17 ნომრად იყო განთესილი, სტატუსი დაიცვა და საუკეთესო 16-ს შორის მოხვდა, თუმცა მეტის იმედი გვქონდა.

ისე აეწყო საქმე, მეოთხედფინალამდე ნიკას განთესილი მეტოქე არ ელოდა, მაგრამ 75-ე ჩოგანთან კი დამარცხდა. კანადელი ოჟიე-ალიასიმი 18 წლის ბიჭია, მაგრამ იუნიორებში სლემტიტულიც მოუგია.

მსოფლიო ასეულში შეჭრილი ტანმაღალი ვუნდერკინდი მაიამის შემდეგ სერიოზულ ნახტომს გააკეთებს რეიტინგში. თუმცა, ჩვენ ამით რა ნუგეში?! ნიკას ბოლო ერთი წლის განმავლობაში ასეთი ცუდი პირველი მოწოდება ჯერ არ ჰქონია. ოჟიე-ალიასიმი ისედაც აუღებელი ბურთების „გამოძრობითაა“ ცნობილი და მეორე მოწოდება როგორ დააფრთხობდა?!

კანადელმა 7:6, 6:4 იმარჯვა და კარიერაში პირველად ელიტის ელიტაში მოხვდა.

ნიკას მაიამი მაინც აქტივში ეთვლება. თუ დევიდ გოფინმა სასწაულები არ ჩაიდინა, განახლებულ რეიტინგში მისთვის სარეკორდო მე-17 საფეხურს დაიკავებს. მისი მძლეველი ფელიქს ოჟიე-ალიასიმი კი უკვე 75-ე კი არა, მსოფლიოს 41-ე ჩოგანია.