სერ ალექს ფერგიუსონმა ინგლისის ეროვნული ჯანმრთელობის სამსახურს 405 000 გირვანქა შეუგროვა და გადასცა. ეროვნული ჯანმრთელობის სამსახური, რომელიც ინგლისის გარდა შოტლანდიაში, უელსში და ჩრდილო ირლანდიაშიც არსებობს, გახლავთ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაარსებული ორგანიზაცია, რომელიც უფასოდ ემსახურება ბრიტანეთის მოქალაქეებს. ის არ აფინანსებს მხოლოდ სტომატოლოგიური და კოსმეტიკური მედიცინის სფეროებს.
ეს აქცია გახლდათ 77 წლის ფერგის მადლობა იმ ხალხისადმი, რომელმაც შარშან ტვინის ოპერაცია გაუკეთა და ნაინსულტარი სიკვდილს გამოგლიჯა ხელიდან.
საღამო, რომელზეც ასეთი დიდი თანხა აგროვდა, გაიმართა მანჩესტერის ერთ-ერთ მდიდრულ სასტუმროში. შოუს პირობითად ერქვა „სადილი ფერგისთან ერთად” და მას უძღვებოდა მსახიობი ჯეიმს ნესბიტი. უფრო რომ დავაზუსტოთ, შეკრებილ საზოგადოებას მიეცა საშუალება ესადილა ალექს ფერგიუსონის და „ლივერპულის” თავკაცის იურგენ კლოპის საზოგადოებაში.
ღონისძიების ერთ-ერთმა მონაწილემ თქვა: „ალექსი შესანიშნავ ფორმაში იყო და მთელი საღამო სტუმრებს თავისი ისტორიებით ართობდა. აგროვდა დიდძალი ფული, რომელიც მან ჯანმრთელობის სამსახურს გადაურიცხა”.
საღამოზე უკრავდა შოტლანდიური როკ-ჯგუფი The Proclaimers, რომელთანაც მავანმა სტუმარმა ფოტო გადაიღო და ამ ფოტოში 5 000 გირვანქა გადაიხადა.
შეგახსენებთ, რომ შარშან, მაისში, სერ ალექსი შინ, ვილმსლოუში (ჩეშირი) ცუდად გახდა და ის სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში. ფერგიუსონი ხელოვნურ კომაში ჰყავდათ და ოთხი დღის განმავლობაში ინტენსიური თერაპიის პალატაში იწვა საგანგებო მკურნალობისა და ყურადღების ქვეშ.
შოტლანდიელმა „მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცის პოსტზე 26 წელიწადი გაატარა და ამ ხნის განმავლობაში 38 ჯილდო მოიგო.