9–ჯერ ვეთამაშეთ, 8–ჯერ წავაგეთ, მეცხრესაც ვაგებდით და 1:1 დავასრულეთ. 5–ჯერ გავიტანეთ, 17–ჯერ გავუშვით, მაგრამ არის ერთი რაღაც, რაც იმედს არ გვიშლის. ერთი გამონაკლისის გარდა, ირლანდიამ საქართველოსთან სულ ბეწვის ხიდზე იარა და ზოგჯერ მსაჯის დახმარებით, ზოგჯერ იღბლით, მოგებული რჩებოდა.
თუნდაც ბოლო დუბლინური თამაში ავიღოთ, საქართველომ მეტოქეს აჯობა, მაგრამ მეორე ტაიმში კოულმენის ერთ მაგარ გარღვევას ვერ გაუძლო, გაუშვა და თამაში ვეღარ მოატრიალა.
უფრო შორს წავიდეთ. შინ 1:2 რომ წავაგეთ, კევინ კილბეინმა მიხეილ მესხის სტადიოონის ტრიბუნებიდან ნასროლი დანა რომ აიღო და მსაჯს მიურბენინა ფაქტად. მაშინ იყო ლევან კობიაშვილის გოლი; მერე სტუმრად, „ლენდს დაუნ როუზე“ შოთა არველაძემ იმდენი ირბინა, ავად შეიქნა, გადაიწვა და საავადმყოფოში მოხვდა; კიდევ, ექტორ კუპერი რომ იყო საქართველოს მწვრთნელი, „ავივაზე“ 73–ე წუთამდე ვიგებდით იაშვილის გოლით, მაგრამ რად გინდა, ფინელმა მსაჯმა გაუგონარი პენალტი დანიშნა ლომაიას კარში; კიდევ, 2008 წლის აგვისტოს ომის მერე ირლანდიამ ფიფასა და უეფაში გაიტანა საქმე, თბილისში არ ვითამაშებთო. გერმანიის ქალაქ მაინცში გვათამაშეს და 1:2 წავაგეთ;
მოკლედ, ბევრი წყენა დაგროვდა.
ევრო 2020 -ის პირველი ტურის ამბები ყველამ ვიცით. საქართველომ შინ 0:2 წააგო შვეიცარიასთან, ირლანდიამ კი გიბრალტარში 1:0 იმარჯვა. არალოგიკური არაფერი მომხდარა, ქულები გეგმით განაწილდა. ვლადიმირ ვაისის გუნდს კიდევ დააკლდა ორი კაცი: ჯანო ანანიძე და ჯიმი ტაბიძე. მასპინძელი კი დანაკლისის გარეშეა, ოღონდ ბოლო პერიოდში ისეთი ვეღარ არის. მოისუსტებს.
ამ ორი გუნდის ხასიათის გათვალისწინებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება პირველ გოლს. საერთოდ, ვლადიმირ ვაისის გუნდი ყოველთვის კარგია, როცა იგებს, თამაშის გადარჩენა კი ძალიან უჭირს. მეტოქეს უპირატესობა აქვს, რადგან მათი ფეხბურთელები უკეთეს კლუბებში გამოდიან, ჩვენ კი ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელები დაგვაკლდება: გიორგი ჩაკვეტაძე, უკვე ნახსენები ანანიძე და კიდევ, თორნიკე ოქრიაშვილი უკლუბოდაა, ფორმისგან ძალიან შორს.
ჩვენ კი ისევ იმედიანად ვართ…იქნებ მეათედ მაინც…