წარსულში ცნობილი ფეხბურთელი გარი მაკალისტერი ცემეს და საავადმყოფოში რამდენიმე საათის გატარება დაჭირდა.
„ლიდს იუნაიტედის”, „ლივერპულისა” და შოტლანდიის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი რომელიც ახლა 53 წლისაა, მეუღლესთან, 40 წლის ჰეილისთან ერთად შინ ბრუნდებოდა და ქალაქ ლიდსის ცენტრში ტაქსის ელოდა, როდესაც გამოვარდა მავანი ხულიგანი და მაკალისტერს ცემა დაუწყო.
მეუღლემ კივილი ატეხა და ცდილობდა აგრესორი ქმრისგან მოეშორებინა. ამასობაში მოვიდნენ პოლიციელები, რომელთაც თავდამსხმელი ადგილზე აღარ დახვდათ, მაგრამ მათ ყოფილი ფეხბურთელი საავადმყოფოში წაიყვანეს და გამოძიებასაც შეუდგნენ.
მაკალისტერმა და მისმა მეუღლემ დღე ლივერპულში გაატარეს, სადაც „ლეგენდების” მატჩს დაესწრნენ, შემდეგ კი ლიდსში დაბრუნდნენ და რესტორანში ივახშმეს.
მაკალისტერს, რომელიც მოულოდნელი თავდასხმისა და გაუგონარი თავხედობის გამო შოკში იყო, ტუჩზე 10 ნაკერის დადება დაჭირდა. მას სახეზეც ფრიად ეტყობა აგრესიის კვალი.
გარი მაკალისტერი სტივენ ჯერარდთან ერთად „გლაზგო რეინჯერსში” მუშაობს.