ირაკლი გედენიძის ფოტო

გუშინდელი საქართველო-შვეიცარიის ევრო 2020-ის შესარჩევი მატჩის (0:2), 24-ე წუთზე, ერთობ უსიამოვნო ეპიზოდი მოხდა: ჩვენი ჯიმი ტაბიძე საჰაერო ბრძოლაში „ნიუკასლის“ მცველ ფაბიან შერს შეეჯახა. ჩვენიანს გატეხილი თავი შეუხვიეს, შერმა კი რამდენიმე წამით გრძნობა დაკარგა. იქვე მყოფი ჯანო ანანიძე უმალ მიეჭრა და პირში ხელის მტევანი ჩასჩარა, რათა დაზარალებულს ენა არ გადაეყლაპა. საბედნიეროდ, ჯანოს მართლაც სასწრაფო დახმარებამ შედეგი გამოიღო, მალევე საქმეში შვეიცარიელთა ექიმები ჩაერივნენ და შერმა შემდეგ თამაშიც კი გააგრძელა.

მერე The Sun-მა ჯანოს გმირი უწოდა. შერმა კი შვეიცარიულ Blick-ს  უთხრა: „ეს საშინელება იყო. აღარაფერი მახსოვს. რამდენიმე წამს ამ ქვეყნად აღარ ვიყავი. კისერი ისევ მტკივა, იარა შუბლზეც მაქვს, თავის ქალა კი კვლავ მიჟუის. მაგრამ, ეს ყველაფერი გამარჯვებად მაინც მიღირდა.“

ახლა ნიუკასლის ქომაგები მოუთმენლად ელიან, შეძლებს თუ არა შერი 1 აპრილს, არსენალთან პრემიერლიგის მატჩში თამაშს.

ასეთი ქმედება ქართველი ფეხბურთელებისგან პირველი არ არის. ყველას გვახსოვს, 2014 წლის 30 მარტს, უკრაინის ჩემპიონატის შეხვედრაში, „დნიპროსა“ და კიევის „დინამოს“ შორის, მაღალი ბურთისთვის ბრძოლაში მასპინძელთა მეკარემ კიეველთა კაპიტან ოლეგ გუსევს ტრავმა მიაყენა. სტუმართა ფეხბურთელმა გონება დაკარგა, თუმცა ახლოს მყოფმა ჯაბა კანკავამ გუსევს ენის „გადაყლაპვის“ საშუალება არ მისცა და სიკვდილს გადაარჩინა.

რაც შეეხება ჯანოს. საწყენია, რომ ანანიძემ შვეიცარიელებთან შეხვედრაში ტერფი დაიზიანა და სამშაბათს, ირლანდიასთან, ეროვნულ გუნდს ვერ დეხმარება.

წილი
წინა სტატიატოჩინოშინმა ტიტული დაკარგა
შემდეგი სტატიაკაცი!
სოლომონ გულისაშვილი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.