„ენფილდზე“ ლეგენდა გააცოცხლეს. ერთმანეთის პირისპირ „ლივერპულის“ და „მილანის“ ის შემადგენლობები იდგნენ, ვინც ჩემპიონთა ლიგის 2005 წლის დაუვიწყარ ფინალში ითამაშა. ბუნებრივია, ორივე მხარემ კიდევ რამდენიმე ვარსკვლავი დაიმატა, მაგრამ ამან მხოლოდ ეშხი შემატა შეხვედრას.

თავად განსაჯეთ, ვისი ხილვის საშუალება ჰქონდა ტრიბუნებზე მისულ ქომაგს:

„ლივერპული“: ჯერარდი, კარაგერი, სისე, ფოულერი, კიუიტი, მაკმანამანი, ოუენი, რაში… „მილანი“: აბიატი, დიდა, მალდინი, კოსტაკურტა, კაფუ, კალაძე, გატუზო, ინძაგი, კაკა, პირლო, რუი კოშტა…

ერთადერთი, შევჩენკო მოისაკლისეს, რომელმაც ბოდიში მოიხადა, სამსახურიდან არ მიშვებენო. მისი სამსახური კი უკრაინის ეროვნული გუნდია, რომელსაც შესარჩევი მატჩი ელის.

ეს არ იყო ღიპიანი ბიძიების ძუნძული. ვარსკვლავები დიდებულ ფორმაში არიან. ისევ გამაოგნებელ გადაცემებს ასრულებდა ანდრეა პირლო და ზღაპრული საჯარიმოც დაარტყა. აქეთ სტივენ ჯერარდი არ ზოგავდა არც თავს და არც მეტოქეებს, ბოლო წუთზე კი გამარჯვებისა გაიტანა.

სტივენ ჯის გარდა გოლები რობი ფოულერმა, ჯიბრილ სისემ, ანდრეა პირლომ და ჯუზეპე პანკარომ გაიტანეს.

მატჩი “ლივერპულმა” 3:2 მოიგო. მთელი შემოსავალი სპეციალიზებულ ფონდში გადაირიცხა, რომელიც შეზღუდული უნარების ბავშვებსა და მოზარდებს რეაბილიტაციასა და ახალი ცხოვრების დაწყებაში ეხმარება.

წილი
წინა სტატიაუკან, მიწაზე…
შემდეგი სტატიატოჩინოშინმა ტიტული დაკარგა
გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".