სამშაბათ ღამით ერის ერთ ნაწილს, გამორჩევით ქალაქის რამდენიმე უბანს რომ შუქ-სინათლე მიეცა, სულ ტყუილი გამოვიდა.

ის სინათლე სასიხარულოდ არ დაურჩა ხალხს, ვინაიდან შუქი იმ მიზეზით გამოშევათ ჩვენს სახლებში, რომ „აიაქსს“ მოეგო და ჩვენ მთელი ჩვენი უსინათლობა და ევროპასთან ოთხსაათიანი ჩამორჩენა დაგვიწყებოდა. აქაოდა, დიახაც, გვიჭირს, დიახაც ჩამოვრჩებით, მგარამ სიხარული მაინც ჩვენია – ლამაზი „აიაქსი“ მოსკოვის „სპარტაკს“ დაამარცხებსო.

სიხარული არ გამოვიდა. ზოგმა ისიც კი თქვა, ნეტავ შუქი არ მქონოდა,. ზოგმა – კიდევ კარგი სულ არ მქონდა ელექტროენერგია, გული გამისკდებოდაო. თანაც, მთელი ამბავი იყო – შოთა VS რუსებიო, ანაც, რაც კი რამ ურყოფითის განასახიერებს ქართველი გულშემატკივრისთვის ფეხბურთში, ისაო.

რა ხანია, მოსკოვის „სპარტაკი“ არ მენახა ტელევიზორში. სულ საგანგებოდ არ ვუყურებდი, და ბოლოს თვითონ შემომივარდა სახლში, რათა ძველი დრო გაეხსენებინა, ეგეთი ვარ, მწარეო.

განა „სპარტაკი“ რაიმეთი გამორჩეული გუნდია?

ეგ იყო, რომ პირველ ტაიმში ბევრად ზუსტად თამაშობდა, ვიდრე „აიაქსი“. მეორეში კი ისევ ის ძველი ავადმყოფობა გამოაჩნდა, რუსულ გუნდებს რომ სჭირთ – დაბლანდულობა, აცა-ბაცა სირბილი, რაც უსწავლიათ ყველაფრის გადავიწყება და ა.შ. მაგრამ რას იზამ? „აიაქსი“ ის გუნდი არ გამოდგა, ყოველივე ამის გამოყენება რომ შეიძლებოდა.

ის ლამაზი რამეები, „აიაქსის“ თამაში რომ გამოკრთებოდა და ოდინდელ დანიურ თამაშს რომ გვიხსენებდა, კარის ხაზს იქეთ ვერ დაბოლოვდა. შოთა მართლაც მშვენივრად თამაშობდა, მაგრამ განა ფეხბურთი ბეისბოლია, მცველი რომ არ სჭირდებოდეს? არც შემოდგომაზე, არც ახლა, „აიაქსს“ დაცვა არ ჰყავდა. მაგრამ ეგეც რომ არ იყოს, „აიაქსის“ ფეხბურთი მეტად მარტივია იმისთვი, რომ დიდ რამეებს გამოეკიდოს. მასში ბევრი სილამაზე და მახვილგონიერებაა და ყველაფერი შემსრულებლებზე ჰკიდია. ამ გუნდს თავისუფლად სუნთქვა სჭირდება. მაგრამ თქვენ ხომ უყურეთ ჩემპიონთა ლიგას? აბა, ვინ ამოგასუნთქებს?

სინათლე შირკომ გამოგვირთო.

შეცვლაზე შემოსულმა ხალხმა ხომ საერთოდ გული გაგლიჯა, აბა რა მნიშვნელობა აქვს, როცა ერთ ბითურს, ანჯეი რუდის, მეორე ბითურით – მარიო მელქიოტით შეცვლი? ანდა, ეს დანი, ეს ქუჩის მომატავე, რომლისგანაც წელიწადში ორჯერ უნდა ელოდე ზღაპრული სილამაზის გოლს. ბენი მაკარტი – ბაბანგიდას ნაცვლად. და საერთოდ, ეს ისეთი თამაში იყო, რომ შეცვლები მხოლოდ საქმეს წაახდენდა, წაახდინა კიდეც.

რუსებმა რომ მესამე გაისროლეს, ნახევარი „აიაქსი“ სარგადაყლაპული იდგა და უყურებდა, როგორ იტანჯებოდა მათი მეკარე.

გაისროლეს და გაისროლეას, „სპარტაკს“ არაერთი სახელიანი გუნდი დაუსჯია და ყოველთვის ერთნაირად, რადგან ასეთია ამ რუსული გუნდის თამაშის ხერხი: თუ თვალწინ სივრცე დალანდეს, არვის გაახარებენ.

ვინ მოგეწონებოდა? „აიაქსი“ ისეთ ფეხბურთს მისდევს, რომ თუკი გუნდი შეტევაშია, თითქმის ყველა მოგწონს, მაგრამ თუკი თავის საჯარიმოსთან დგას – არავინ.

შოთა გამორჩეული იყო საჯარიმოშიც და მის მისადგომებთანაც. ლაუდრუპის ამბავი ყველამ ვიცით, „იყო“ კაცია და თუკი რაღაცეებს აკეთებს, ყველაფერი გვინახავს. რონალდ დე ბურიც კარნგად ირჯებოდა და ბლინდი… რა ქნას ამ ჭარმაგმა ბლინდმა, რა ქნას? როცა ასეთია ფარღალალა გუნდია? თქვენი არ ვიცი და მე გორიც მომეწონა.

მაგრამ ეს ყველაფერი, ვინცხა იმის არ იყოს, ბევრი არაფერია. არაფერია იმიტომ, რომ „აიაქსს“ არ დარჩენია ის, რაც წინა წლების გამოარჩევდა – წაუგებლობის პრინციპი, ანუ ის, თუ როგორი არ უნდა წაგო ძნელბედობის ჟამს.

„აიაქსელებმა“ არ იცოდნენ, რომ თბილისის ზოგიერთ ადგილას იმიტომ არ გამოირთო შუქ-სინათლე, რომ „აიაქსს“„სპარტაკი“ წამოექცია. უფრო სწორად, ეს მხოლოდ ერთმა „აიაქსელმა“ იცოდა და მან საუცხოოდ ითამაშა.

07.03.1998

წილი
წინა სტატიაკეინია თუ დემეტრაძე?
შემდეგი სტატიასალომე გურზებში პირველია
გიო ახვლედიანი
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.