შარშანვე ვწერდით, რომ პოლ პოგბამ მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრებისთვის ბრილიანტის ბეჭდები დაუკვეთა.
ზოგადად, ფეხბურთში საჩემპიონო ბეჭდების ჩუქება მიღებული არ არის, მაგრამ პოლ პოგბა და ანტუან გრიზმანი ამერიკული სპორტის ფანები არიან. გრიზმანი მზად იყო, ხარჯის ნახევარი დაეფარა, მაგრამ პოგბამ იუარა – ჩემზე იყოსო.
აგერ, სანაკრებო პაუზისას მათი მთავარი გუნდიც შეიკრიბა და როგორც იქნა, ბეჭდები პატრონს ჩაბარდა. საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ მხოლოდ ბეჭდების ამერიკიდან ტრანსპორტირებისთვის საჭირო 10 000 ევრო გაიღო.
ისე კი საჩემპიონო ბეჭდებს ამერიკულ სპორტში დიდი ისტორია აქვს. თავიდან ოქროს ბეჭედი ერთი ბრილიანტით იყო ხოლმე შემკული, მაგრამ მერე რაოდენობა გაიზარდა. მაგალითად, NBA-ის ჩემპიონმა „გოლდენ სტეიტმა“ ბეჭდები 2017 წელს 83 ბრილიანტით დაუკვეთა – რეგულარულ ჩემპიონატში მოპოვებული 83 გამარჯვების ნიშნად.
შეგახსენებთ, რომ ორი საჩემპიონო ბეჭედი ზაზა ფაჩულიამაც დაიმსახურა.
ფრანგებმა თავისი ბეჭდები იმავე ამერიკულ ფირმა Jason of beverley hils-ს დაუკვეთეს.
საჩემპიონო ბეჭდებთან დაკავშირებული ნახევრად კრიმინალური ისტორია ვლადიმირ პუტინს უკავშირდება. 2003 წელს აშშ-ში ვიზიტად მყოფს ბიზნესმენმა რობერტ კრაფტმა ვლადიმიროვიჩს „სუპერბოულის“ გამარჯვებულთათვის დამზადებული ბრილიანტის ბეჭედი უჩვენა.
პუტინმა თითზე მოირგო, „ამით, თუ მოინდომებ, კაცსაც მოკლავ“ – ჩაილაპარაკა და ხელი ჯიბეში ჩაიდო. მას შემდეგ კრაფტმა ტრამპსაც კი მიმართა, მიშუამდგომლე, ეგებ დამიბრუნოსო. თქვენც არ მომიკვდეთ…
პოგბასა და პუტინზეა ნათქვამი: სულელი ფანტავდა და ჭკვიანი აგროვებდაო.