ინდიან უელსში „თავი ისახელა“ ნიკოლოზ ბასილაშვილმა და უსახელო ინდოელთან დამარცხდა. სანაცვლოდ, მაიამის მასტერსზე ისეთი სტარტი გამოუვიდა, უკეთესს რომ ვერ ინატრებდა. მე-17 ნომრად განთესილი ჩვენებური პირველ წრეში თავისუფალი იყო, მეორეში კი მეტოქედ მსოფლიოს 75-ე ჩოგანი მიხეილ ზვერევი ერგო.
ნიჭიერი ბიჭია ზვერევი, მაგრამ ეტყობა, მისი დღე არ იყო: ნიკოლოზ ბასილაშვილს ასე ერთი ამოსუნთქვით კარგა ხანია არ მოუგია.
6:3, 6:2 – რა საჭიროა სტატისტიკაზე ზედმეტი საუბარი. ერთადერთი, რაც უნდა აღვნიშნოთ, ტურნირიდან ტურნირამდე მისი გაუმჯობესებული პირველი მოწოდებაა. იმედია, მომდევნო წრეში ეს მისი ერთ-ერთი კოზირი იქნება.
მესამე წრეში ნიკას მეტოქე გვიან ღამით ფრანგი გაელ მონფილსისა და ჰოლანდიელი რობინ ჰაასის ჭიდილში გაირკვევა. გრძელხელა და კარიერაში რვა ტურნირის მომგები 32 წლის ფრანგი შარშან 50-ეულიდან გავარდა, მაგრამ ახლა კარიერის მეორე გაზაფხული უდგას და ტოპ 20-ში დაბრუნდა. ისე, ხურდა ბიჭი არც რობინ ჰაასია. ახლა კია მეშვიდე ათეულის წევრი, მაგრამ კარიერის პიკზე საუკეთესო 30-ის მიდამოებში ტრიალებდა.
დაველოდოთ, თუმცა ჩვენ მაინც ჩვენიანის გვჯერა და დომინიკ ტიმზე ვფიქრობთ – მსოფლიოს მეოთხე ჩოგანზე, ინდიან უელსში ტიტული როჯერ ფედერერს რომ აართვა და მერვედფინალში, შესაძლოა, ნიკას შეხვდეს.