კიდევ ერთი შესარჩევი, კიდევ ერთი იმედი…
ამჯერად უფრო რიხიანად, რადგან უკან მოვიტოვეთ ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი, სრული ჰეგემონია, ოთხეულში გასვლა და ევრო 2020–ზე მოხვედრის კარგი პერსპექტივა – საქართველო, ბელარუსი, მაკედონია ან კოსოვო.
თუმცა ახლა სხვა, უკვე ბევრჯერ ნაცადი შესარჩევი იწყება. ერთა ლიგიდან გასვლის გარანტია საქართველოსთვის არავის მიუცია… ან გავალთ, ან ვერა. აქედანაც მაგრად უნდა სცადონ ვლადიმერ ვაისის ბიჭებმა, მით უმეტეს, ორი გუნდი გადის ხუთეულიდან (შვეიცარია, დანია, ირლანდია, გიბრალტარი, საქართველო) და ბრძოლა, ცხადია, შეიძლება.
საქართველო იწყებს შვეიცარიით, ჯგუფის ყველაზე ძლიერი ნაკრებით. თუმცა ამ შვეიცარიას თბილისში ყველაზე ძლიერი ფეხბურთელები არ ეყოლება – ლივერპულელი ციბრუტა გარემარბი შერდან შაქირი და ბენფიკელი ფორვარდი ჰარის სეფეროვიჩი, რომელმაც შემოდგომაზე ბელგიას ჰეთ–თრიქი უსახსოვრა. ბელგიას!
შვეიცარიელთა სტაბილური ნაკრების თავკაცმა ვლადიმირ პეტკოვიჩმა თქვა, ქართველები თამაშით რუსებს ჰგვანან და ტექნიკური თვალსაზრისით ბრაზილიელებსო. რას გაიგებ – ან რუსებს რატომ ვგავართ, ან კიდევ, ბრაზილიაც შემთხვევით გადამეტებული ხომ არაა?!
ნაკრების თამაშზე თბილისში საოცარი აჟიოტაჟია, ტრიბუნები ლამის ანდორის ჩამოსვლაზე ივსება და შვეიცარიასთან რაღა იქნება? თან, არასამუშაო დღეს, თან საღამოს ექვს საათზე.
შვეიცარია კიდევ აიტანს დანაკლისს, აი, ჩვენთვის კი აშკარა იქნება გიორგი ჩაკვეტაძის არყოფნა. აღარ დავიწყებთ ამ 19 წლის ბიჭის ქება–დიდებას, ყველამ იცის მისი შესაძლებლობები. ასევე არ იქნებიან გიორგი მერებაშვილი, ლევან მჭედლიძე, გიორგი პაპუნაშვილი, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილი უკლობოდაა და მართალია სიაშია, მაგრამ უპრაქტიკო ოქრიაშვილი ისეთი ვერ იქნება, ჩვენ რომ გვინდა.
ლევან ხარაბაძე და ვატო არველაძე – აი, ახლები. ორივენი მაგრად თამაშობენ თავიანთ ევროპულ კლუბებში.
სავარაუდო თერთმეტეულები
საქართველო: ლორია – კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ხარაბაძე – კანკავა, კვეკვესკირი, გვილია – ანანიძე, ყაზაიშვილი, ქვილითაია
შვეიცარია: ზომერი – აკანჯი, შარი, ელვედი – ლიხშტაინერი, ჯაკა, სოუ, როდრიგესი – ცუბერი, ფროილერი, ემბოლო