პოლ პოგბამ თქვა ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობით „რეალში” თამაში საოცნებო რამ არისო და ამით მანჩესტერში მითქმა-მოთქმა გამოიწვია.
მსოფლიოს 26 წლის ჩემპიონის „მანჩესტერ იუნაიტედიდან” წასვლაზე სეზონის პირველ ნახევარში აქტიურად ლაპარაკობდნენ, რადგან ნახევარმცველს მაშინდელ მწვრთნელ ჟოზე მოურინიუსთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა. შემდეგ „ოლდ ტრეფორდზე” ახალი შეფი ოლე გუნარ სულშერი მივიდა და ფრანგიც თითქოს დაწყნარდა. ის ამბობს კარგი იქნება თუკი სულშერი დროებითი მწვრთნელი კი არ იქნება, არამედ გუნდში დიდი ხნით დაგვიტოვებენო, მაგრამ ამასთან ერთად, როგორც ჩანს, თვალი მაინც „სანტიაგო ბერნაბეუსკენ” გაურბის.
„რეალის” შესახებ პოლ პოგბამ საფრანგეთის ნაკრების პრეს-კონფერენციაზე ილაპარაკა. ფრანგები პარასკევს, 22 მარტს „ევრო 2020″-ის შესარჩევ შეხვედრას კიშინიოვში მოლდოვას წინააღმდეგ თამაშობენ.
„იუვენტუსის” ყოფილმა ვარსკვლავმა თქვა: „მე ყოველთვის ვამბობდი, რომ „რეალში” თამაში ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა. „რეალი” მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბია. ამას ემატება ის, რომ მადრიდელებს ზინედინ ზიდანი უდგათ სათავეში, ყველა ადამიანის კერპი ვისაც კი ფეხბურთი უყვარს.
დღეს მე „მანჩესტერ იუნაიტედში” ვთამაშობ სადაც თავს ბედნიერად ვგრძნობ, ხოლო რა მოხდება მომავალში ეს წინასწარ არავინ იცის”.
ოლე გუნარ სულშერის შესახებ კი პოგბამ ასე თქვა: „ჩვენ გვინდა, რომ ის დარჩეს. სულშერის ხელში გუნდს შესანიშნავი შედეგები აქვს. მე მასთან დიდებული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა, თუმცა მან ყველა ფეხბურთელთან ასეთი ურთიერთობა დაამყარა. არადა, როდესაც ფეხბურთელი თავს ბედნიერად გრძნობს, ის ცდილობს, რომ ეს მდგომარეობა რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. სულშერი „მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელობას იმსახურებს. მან ამ კლუბისა ყველაფერი იცის”.