ვეტერანმა ბორჯღალოსანმა ანტონ ფეიქრიშვილმა ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა. 31 წის მარჯვენა ბურჯი სეზონის ბოლომდე პრო დე2-ში მოასპარეზე „მონ-დე-მარსანის“ ღირსებას დაიცავს, გუნდს სამედიცინო ჯოკერის სტატუსით შეუერთდება და ტოპ 14-ში აღზევებისთვის მებრძოლი კლუბის შერკინების პირველ ხაზში 27 წლის ვალტერ დემეზონს ჩაენაცვლება. ცნობისთვის, ხსენებულ კლუბში ამ ამპლუაში სხვა ქართველიც ირჯება – 20 წლის ლაშა მაჭარაშვილი, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობამ მარჯვენა ბურჯის პოზიციის გამყარება მრავალნაცადი კადრის დამატებით გადაწყვიტა.
ანტონ ფეიქრიშვილისთვის „მონ-დე-მარსანი“ კარიერაში მეხუთე ფრანგული კლუბია. 2010-დან 2016 წლამდე მან „აჟენში“, „კასტრში“, „ბრივსა“ და „ბაიონში“ მოასწრო თამაში, რის შემდეგაც ირლანდიურ „ალსტერში“ გადაბარგდა, საიდანაც უელსურ „კარდიფ ბლუზს“ მიაშურა. ამ გუნდში ქართველი გასული წლის ზაფხულამდე გაჩერდა. უელსიდან წამოსვლის შემდეგ ანტონი მშობლიურ დიდ 10-ში დაბრუნდა, კერძოდ – ქუთაისის „აიაში“. მართალია საქართველოს ჩემპიონატში ფეიქრიშვილს ერთხელაც არ უთამაშია, თუმცა აქტიურად ვარჯიშობდა და საფრანგეთს სოლიდურ კონდიციებში ეწვევა.
შეხსენებისთვის: ანტონ ფეიქრიშვილს საქართველოს ნაკრებში 26 მატჩი აქვს ჩატარებული, რომლებშიც თავი 7 ლელოთი ისახელა. ბოლოს კი ანტონმა ბორჯღალოსანთა შინდისფერი კვართი ზუსტად ერთი წლის წინ, ევროპის რაგბის ჩემპიონატის მატჩში რუსეთის წინააღმდეგ მოირგო.