ეს იყო, რისაც ყველაზე მეტად გვეშინოდა: სუმოს ტურნირების სპეციფიკიდან გამომდინარე, რაც უფრო მაღალი დონისაა რიკიში (ფალავანი), მით უფრო მაღალი რანგის მეტოქეებთან უწევს ჭიდილი.
ხაცუ ბაშოს თერთმეტდღიანი ეპოპეის შემდეგ ტოჩინოშინს ექვსი გამარჯვება და ხუთი მარცხი აქვს ბალანსზე. დარჩენილ ოთხ შეჯახებაში ქართველს ორი მოგება სჭირდება, მაგრამ დღიდან დღემდე უფრო რთული მეტოქე ხვდება.
დღეს ჩვენებური ტაკაიასუს შეხვდა. მეტოქემ სტარტზე ჩავლებით მოპოვებული უპირატესობა თითქოს გაანიავა, მაგრამ ბოლო წამს ლევან გორგაძე გვერდიდან ბიძგით დააჩოქა.
ტაკაიასუ მხოლოდ ჟურნალია. კინო ხვალ იქნება, როცა ტოჩინოშინის პირისპირ დოჰიოზე უდიადესი და ამ ტურნირზე მუხლდაუდებელი იოკოძუნა ჰაკუჰო დადგება.
აქამომდელი ბალანსით თავს ვერ ვინუგეშებთ: მონღოლმა 27 შეტაკებაში 26-ჯერ დაამარცხა ჩვენებური.
არადა, სასწორზე ოძეკის ტიტული დევს..