ოლე გუნარ სულშერი ზოგადად თავშეკავებული კაცია, მაგრამ ფეხბურთის ასოციაციის თასზე „ვულვერჰემპტონთან” 1:2 დამარცხების გამო გაბრაზებულმა თქვა, ჩემი ფეხბურთელები მოურინიუს დღეებს დაუბრუნდნენ და ამიტომაც გავარდნენო.

იმ დღეს „იუნაიტედმა” მძიმედ ითამაშა. ის, რაც „მოლინო სთედიუმზე” ხდებოდა ბურთაობაზე მეტად მუშაობას ჰგავდა. მოკლედ, იყო ყველაფერი ის, რის გამოც სულშერის წინამორბედი ჟოზე მოურინიუ გუნდიდან გაუშვეს.

სულშერმა თქვა, რომ მოახლოებულ სანაკრებო ფანჯარას ბოლოდროინდელი წარუმატებლობების გასაანალიზებლად გამოიყენებს.

ვინმემ შეიძლება იკითხოს, რატომ განიცადა ასე ნორვეგიელმა მწვრთნელმა ინგლისის ნაკლებად პრესტიჟული შეჯიბრებიდან გავარდნა. საქმე ის არის, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს” რთული სეზონი აქვს. მოურინიუს ხელში გუნდს საქმეები ვერ აეწყო და ეს დეკემბრამდე გაგრძელდა. შემდეგ მწვრთნელი შეიცვალა, გუნდიც თითქოს ათამაშდა, მაგრამ სამუშაო დასრულებული აშკარად არ არის. სხვა სიტყვებით კი „იუნაიტედს” ფეხბურთის ასოციაციის თასის მოგება ფსიქოლოგიურად სჭირდებოდა.

„ვულვერჰემპტონთან” დამარცხებას სულშერმა მის ხელში უარესი თამაში უწოდა. სხვათა შორის, მანჩესტერელებმა წინა შეხვედრაც წააგეს. ეს იყო პრემიერლიგის კალენდარული მატჩი „არსენალთან” 0:2, მაგრამ მაშინ ნორვეგიელ მწვრთნელს დარჩა შთაბეჭდილება, რომ მეტოქემ მხოლოდ და მხოლოდ ყისმათის წყალობით მოიგო.

ინგლისური მას-მედია წერს, რომ ფეხბურთელებს ასეთი გაბრაზებული სულშერი არასდროს უნახავთ. ალბათ, „ფენის ჩართვა” და მოთამაშეების თმის ყალყზე დაყენება დიდი ბოსისგან, სერ ალექს ფერგიუსონისგან თუ ისწავლაო.

პორტუგალიელიც ამ ჩხუბის დროს უხსენებია. ფეხბურთელებისთვის უყვირია, დღეს თქვენი თამაშით მოურინიუს ეპოქაში დაბრუნდითო.