ტოჩინოშინმა ხაცუ ბაშოზე სატურნირო მდგომარეობა მკვეთრად გამოისწორა. სუმოს სუპერტურნირების სპეციფიკა ისეთია, რაც უფრო ტიტულოვანია რიკიში, მით უფრო ტიტულოვან მეტოქეებთან უწევს შერკინება ანუ, რიგითი მაეგაშირების ძლევით მწვერვალზე ასვლა ადვილია, იქ ადგილის შენარჩუნება კი გაცილებით ძნელი.

მოკლედ, ოძეკი ტოჩინიშინისთვის ბაშოს მეორე ნახევარში ტიტანებთან ჭიდილის დრო დადგა. აქედან პირველი სიოდაი იყო, ვისთანაც ქართველს უარყოფითი ბალანსი ჰქონდა. დაჯახების შემდეგ მეტოქემ მოროძასი გაახერხა ანუ, იღლიებში ორმხრივი ჩავლება მოასწრო, მაგრამ ლევან გორგაძემ ცაციათი ჩაბღუჯული მისი მავაში არ დათმო და მეტოქე უვატენაგედ წოდებული ილეთით ჩაარჭო თიხნარ საბრძოლო წრეში.

ხვალ ლევანი ოძეკი გოეიდოს უნდა დაეჭიდოს. აქამდე მასთან 10-ჯერ კი მოუგია, მაგრამ 16-ჯერ დამარცხებულა. გოეიდო არაა დაუძლეველი ბარიერი. მით უმეტეს, როცა ხაცუ ბაშოზე ერთადერთი მოგებით გისწრებს. ლევანს ცხრა დღის შემდეგ ექვსი მოგება აქვს და ორი მოგება პროგრამა-მინიმუმს შეასრულებინებს.