მაურიციო სარი „ჩელსის” „ევერტონთან” გუშინდელ დამარცხებაზე პასუხისმგებლობას არ იღებს. დასავლეთ ლონდონელთა იტალიელი მწვრთნელი ამბობს, რომ წაგება მთლიანად ფეხბურთელების ბრალია. ვერ გავიგე შესვენების შემდეგ თამაში რატომ შეწყვიტესო.

რაც 2019 წელი დადგა, სარის ხელმძღვანელობით „ჩელსიმ” 10 მატჩიდან მხოლოდ 4 მოიგო. „ნაპოლის” ყოფილი თავკაცის ხელში „ლურჯები” სტაბილურად ვერ თამაშობენ და დიდი შანსია, რომ მომავალ ჩემპიონთა ლიგაშიც ვერ მოხვდნენ.

„ევერტონთან” მორიგი უსახური თამაშისა და წაგების შემდეგ ჟურნალისტებმა სარის მიზეზი ჰკითხეს, რის პასუხადაც მწვრთნელმა ხელი მოთამაშეებს შეაწმინდა:

„მოტივაციის ნაკლებობას ვერ დავაბრალებთ, რადგან თამაში კარგად დავიწყეთ. ახლა რვა ტური დაგვრჩა და შევეცდებით მაქსიმალური შედეგი მივიღოთ.

ვერ გეტყვით „ევერტონთან” შეხვედრის მეორე ტაიმში რა მოხდა. ვერც ფეხბურთელები ხსნიან ვერაფერს. არადა, ასეთი კარგი პირველი ტაიმი იანვრის შემდეგ არ გვქონია, ოთხი-ხუთი გოლის გატანა შეგვეძლო. მეორე ნახევარში კი მოთამაშეები უცებ დადგნენ. ძალიან უცნაური იყო ამის ყურება. მოულოდნეელად გუნდმა დაცვა და კონტრშეტევა შეწყვიტა.

ვიმეორებ, თამაშს სრულიად ვაკონტროლებდით. ერთადერთი, რაც გვჭირდებოდა ასე გაგრძელება იყო. სისტემა შევცვალეთ, მაგრამ ამით არაფერი იცვლებოდა. რასაც ვაკეთებდით ისევ ის უნდა გვეკეთებინა”.