1961 წელს მიწისძვრა მოხდა: 21 წლის ქართველმა მოჭადრაკემ, ნონა გაფრინდაშვილმა მსოფლიო ჩემპიონი, რუსი ელისაბედ ბიკოვა ერთი ხელის მოსმით ჩამოაგდო ტახტიდან და ახალი მოდის დამკვიდრება დაიწყო: იმ დღიდან ქალთა სვლებს 64 უჯრაზე მამაკაცებმაც მომეტებული პატივისცემით ჭვრეტა დაუწყეს და მშვენიერი სქესის წარმომადგენლებთან პაექრობისას გონების წესიერად დაძაბვა იკადრეს. ჩვენმა საჭადრაკო მანქანამ 30 წელიწადი უზადოდ იმუშავა. ამ ხნის მანძილზე მოპოვებული პირადი და გუნდური ტიტულების მხოლოდ ჩამოთვლას ცალკე წიგნი დასჭირდება. ნონა, მაია, ნანა, ნანა, ნინო და სხვები წლების მანძილზე ამყარებდნენ ქართველთა საჭადრაკო მონოპოლიას. მერე კი იყო დიდი მეწყერი საქართველოს ისტორიაში და ქართული ჭადრაკის ჰეგემონიაც მას ჩაჰყვა. მართალია, დღეს ჩვენს მანდილოსნებს ღონიერი სიტყვა კვლავ ეთქმით, მაგრამ ლეგენდის დაბრუნებაზე ფიქრი ნაადრევია. „სარბიელის“ დოკუმენტური ქრონიკა სწორედ იმ სახელოვან წლებს გააშუქებს, როცა საჭადრაკო სამყაროს ქართველ მოჭადრაკე ქალთა გვარების წარმოთქმა უჭირდა, მაგრამ ყოველ წამს უწევდა…