ჩემპიონი

„საბურთალომ“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ღირსეული ჩემპიონია. სეზონის სტარტზე ოთხიდან ოთხივე შეხვედრა მოიგო და საკმაოდ დაშორდა კონკურენტებს. თუმცა, „ტორპედოსთან“ ასეთი იოლი გამარჯვება ცოტა უცნაური იყო. ერთმანეთს ხომ დღეისათვის საქართველოს ორი საუკეთესო გუნდი ხვდებოდა. შანსები თანაბრად განიხილებოდა და ზოგი ქუთაისელებსაც კი ანიჭებდა უპირატესობას. მაგრამ ღირსეული დუელი არ გამოვიდა. უკვე 26-ე წუთისთვის თბილისელები 3:0 იგებდნენ და მატჩის ბედიც, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი იყო.

შესაძლოა, ადრეულმა გოლმაც იმოქმედა, რომელიც გიორგი დიასამიძემ გაიტანა მე-10 წუთზე. ის სტუმართა გამოცდილი მეკარის, როინ კვასხვაძის უხეშ შეცდომას მოჰყვა. მაგრამ „ტორპედო“ ხომ „ტორპედოა“ და ასეთ დასაწყისს არ უნდა დაებნია.

მოკლედ, ქუთაისელებმა ზედიზედ მეორედ წააგეს. არადა, მანამდე 27 მატჩიანი დაუმარცხებელი სერია ჰქონდათ… რა ხდება „ტორპედოში“? ამბობენ, გუნდში რაღაც გაურკვევლობააო. თუმცა, ოფიციალურად ამას არავინ ადასტურებს.

დიასამიძემ კი დუბლი შეასრულა. ეს მესამე დუბლი გახლდათ წლევანდელ სეზონში.

საბურთალოელებმა თავისივე შარშანდელი მიღწევა გაიმეორეს. მაშინაც მათ ოთხი გამარჯვებით დაიწყეს საჩემპიონო სეზონი და მხოლოდ მე-5 ტურში დამარცხდნენ „ლოკომოტივთან.“

ვნახოთ, წლეულს თუ მოახერხებენ საკუთარი მიღწევის გაუმჯობესებას. თუმცა, ეს ერთობ ძნელი საქმე იქნება. მომდევნო ტურში ხომ ისინი „დინამო არენაზე“ თანაქალაქელ „დინამოს“ ეწვევიან, რომელმაც ოთხ ტურში ორჯერ წააგო და ახლა ცდილობს ყველას დაუმტკიცოს, რომ ეს შემთხვევითობა იყო.

პირველი ავტოგოლი

„ლოკომოტივმა“ „დინამოსთან“ მოულოდნელად 0:4 წააგო. რკინიგზელები კარგად გამოხატავენ ეროვნული ლიგის დღევანდელი დონის არსს. „საბურთალოს“ გარდა, დანარჩენები ხომ მეტ-ნაკლებად თანაბრები არიან. ყოველ შემთხვევაში, სეზონის დასაწყისში ასეა.

აბა, ვნახოთ, უცნაური არ არის,„ლოკომოტივმა“ პირველ ტურში „რუსთავი“ გააცამტვერა 4:1, მერე „საბურთალოსთან“ წააგო 1:3, მესამე ტურში „ტორპედოს“ რეკორდის დამყარება არ დაანება და 2:0 მოუგო. ახლა კი „დინამოსთან“ თავად გაცამტვერდა 0:4…

„დინამოსთან“ შეხვედრის ბოლო წუთზე სეზონის პირველი ავტოგოლიც დაფიქსირდა. საკუთარ კარში ბურთი რკინიგზელმა ნიკა ჭანტურიამ შეაგდო.

არეულობა ბოლნისში

87-ე წუთზე „სიონმა“ „ვიტ ჯორჯიასთან“ ანგარიში გახსნა. გოლი ზვიად სიხარულიამ გაიტანა. დაახლოებით ერთ წუთში კი ბოლნისელთა კართან ხიფათი შეიქმნა, მეკარე თორნიკე ზარქუა კარიდან გამოვიდა და ბურთი მუშტით მოიგერია. ამ ეპიზოდში მას ვიტელი დავით საჯაია შეეჯახა და მინდორზე აღმოჩნდა. ძნელი სათქმელია შემდეგ რა მოხდა, მაგრამ სტუმარი ზურაბ ღირდალაძე და სიონელი ნიკოლოზ აფაქიძე შელაპარაკდნენ. ღირდალაძემ ჯიქურ გაიწია მოწინააღმდეგისკენ და ყელში სწვდა. მერე საქმეში სათადარიგოებიც ჩართვნენ და მონასტერიც აირია. ქაოსი მინდორზე რამდენიმე წუთს სუფევდა, თუმცა მალევე ჩაწყნარდა და თამაშიც გაგრძელდა.

მსაჯმა ღირდალაძე, ცხადია, მინდვრიდან დაითხოვა. აფაქიძესა და ვიტელთა მეკარე ჯონი შეროზიას კი ყვითლები ჩამოურიგა.

შედეგად, „სიონმა“ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და ცხროლში მეორე ადგილზე დადგა. „ვიტ ჯორჯიამ“ კი მიმდონარე სეზონში პირველად წააგო.

სხვა…

დღეისათვის მოუგებელი მხოლოდ სამი გუნდი დარჩა: „ჩიხურა,“ „დილა“ და „რუსთავი.“ ცხრილის ფსკერზეც ისინი არიან.

ახლა ელიგაში სანაკრებო პაუზა გამოცხადდება და ტურნირი 30 მარტს განახლდება.

 ეროვნული ლიგა

მე-4 ტური: საბურთალო 3:0 ტორპედო, რუსთავი 1:1 ჩიხურა, ბათუმი 1:0 დილა, სიონი 1:0 ვიტ ჯორჯია, ლოკომოტივი 0:4 დინამო

სატურნირო მდგომარეობა

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
ლოკომოტივი22006:26
დილა21103:14
საბურთალო21102:14
სამტრედია21012:33
ბათუმი20201:12
დინამო20201:12
თელავი20201:12
მერანი20200:02
ჩიხურა20022:50
ტორპედო20020:30

მე-5 ტური

30 მარტი: ჩიხურა – სიონი (17:00), დილა – ლოკომოტივი (19:00), ვიტ ჯორჯია – ბათუმი (21:00)

31 მარტი: ტორპედო – რუსთავი (14:00), დინამო – საბურთალო (16:00)

მეგოლეები:

ოგნიენ როლოვიჩი (საბურთალო) – 4, ლაშა შინდაგორიძე (საბურთალო), ლევან შენგელია (დინამო) – 3

 

 

წილი
წინა სტატიასარიმ ვერ გაიგო რატომ წააგო
შემდეგი სტატიაქართველი ბობოლებს დაერია
კობა ინასარიძე
კობა ინასარიძე–ანი ინასარიძის და ექსკლუზიური მასალების მამა. ხშირად შემჩნეულია ქართულ ფეხბურთში არსებული განუკითხაობისა და არაპროფესიონალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დელიკატესებიდან უყვარს "სარბიელი", ლუდი და გერმანიის ნაკრები.