„რეალში” ზინედინ ზიდანი დაბრუნდა და… „სელტასთან” ჩატარებული შეხვედრით (2:0) თუ ვიმსჯელებთ, დაბრუნდა ლაღი „რეალიც”. თან, ზიდანის მოსვლა და შემადგენლობაში კეილორ ნავასისა და ისკოს გამოჩენაც ერთი გამოდგა.

ყურადსაღებია: მწვრთნელმა კარში ჩააყენა თავისი ფავორიტი მეკარე და არა პრეზიდენტის მიერ ზაფხულში 37 მილიონ ევროდ ნაყიდი ვარსკვლავი, რომელმაც 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე „ოქროს ხელთათმანი” მოიპოვა. ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ზიდანმა „სანტიაგო ბერნაბეუზე” დაბრუნების წინ ფლორენტინო პერესს მოქმედების უპრეცედენტო თავისუფლება მოსთხოვა და მიიღო კიდეც.

„ის ხალხი ვინც ამბობდა, რომ მე მთელი ამ ხნის განმავლობაში უგულოდ ვვარჯიშობდი, ალბათ დარწმუნდა, რომ ცდებოდა, — თქვა კოსტა რიკელმა, რომელმაც ვიგოელებთან შეხვედრაში ერთი ფანტასტიკური დარტყმა მოიგერია, — ისინი ან არ მიცნობენ, ან ვალდებებასის ბაზაზე ვარჯიშს არასდროს დასწრებიან. არადა, იქ ყველამ იცის როგორც ვვარჯიშობ. მწამს, რომ გვირაბის ბოლოს ყოველთვის სინათლე მოჩანს. ეს ჩემი კრედოა.

მე ყოველთვის დღევანდელი დღით ვცხოვრობ. ის ვინც მომავალზე ფიქრობს, მიმდინარე მომენტს უშვებს ხელიდან. მთავარია მუხლჩაუხრელავ ვიშრომო და ვცადო, რომ მწვრთნელმა შემადგენლობაში მე დამაყენოს.

მე და ჩემი ოჯახი მადრიდში თავს ბედნიერად ვგრძნობთ. ჩემი მიზანი არ შეცვლილა. მინდა „რეალში” კონტრაქტის ბოლომდე დავრჩე”.