წარსულში ინგლისური ფეხბურთის ვარსკვლავი, დღეს კი ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტელესახე და წამყვანი გარი ლინეკერი პოლიტიკაში გარკვეული კაცია და თავისი მკაფიო პოზიცია აქვს — ბრექსიტის თავგადაკლული მოწინააღმდეგეა. ჩვეულებრივ, ლინეკერი პოლიტიკაზე სოციალურ ქსელებში კამათობს და როგორც ხდება ხოლმე ამის გამო მას ბევრი აკრიტიკებს, თუმცა ბევრიც აქებს. ამჯერად კი, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის მეოთხედფინალური მატჩების მიმოხილვის დროს ყოფილმა ფორვარდმა თავი ვერ შეიკავა და სპორტზე ლაპარაკისას პოლიტიკური ხუმრობა ჩაურთო, რითაც წარსულში კიდევ ერთი გამოჩენილი თავდამსხმელი, ალან შირერი დააბნია.

საუბარი „ვულვერჰემპტონისა” და „მანჩესტერ იუნაიტედის” შეხვედრას ეხებოდა, სადაც მსაჯმა მარტინ ატკინსონმა „იუნაიტედის” სასარგებლოდ არ დანიშნა ისეთი პენალტი, როგორიც მანჩესტერის გუნდს ამ ცოტა ხნის წინ პარიზში დაუნიშნეს. გეხსომებათ, დღეს „მანჩესტერ იუნაიტედი” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალისტი რომ არის, „პარი სენ ჟერმენის” კარში გატანილი ამ პენალტის დამსახურებაა.

შესვენებისას ლინეკერი ხსენებულ ეპიზოდს დაუბრუნდა და სწორედ ის თქვა, რომ თუკი ასეთი პენალტი პარიზში ინიშნება, მაშინ ის ვულვერჰემპტონშიც უნდა დაინიშნოს და პირიქით.

ლინეკერის კითხვაზე „არსენალის” ყოფილმა ფორვარდმა იან რაიტმა თქვა, რომ ატკინსონს „ვულვზის” კარში პენალტი უნდა დაენიშნა.

„ასეთი პენალტები უნდა ინიშნებოდეს, — თქვა რაიტმა, — ბურთი მცველს ხელზე მოხვდა. მე ასეთ შემთხვევებში მარტივად ვსჯი: ბურთი კარში მიდიოდა და მას გზა ხელით გადაუღობეს. ეს პანლტია!”

ლინეკერმა თავი ვერ შეიკავა: — ასეთ ეპიზოდებს ევროპაში ცოტა სხვანაირად უყურებენ, არა?

შირერი: — ხო, ევროპაში ამ პენალტს ალბათ დანიშნავდნენ.

ლინეკერი: — ანუ ჩვენ ევროპა არ ვართ?

აქ რაიტმა და გადაცემის კიდევ ერთმა სტუმარმა პოლ ინსმა თავი ვერ შეიკავეს. მათ სიცილი აუტყდათ. შირერმა კი ენის ბორძიკი დაიწყო: — ჰო.. ნუ… მოკლედ, შენ იცი რასაც ვგულისხმობ.

პასუხად ლინეკერმა ის მოძრაობა გააკეთა, ტუჩებს თითქოს ელვით რომ კეტავენ.

შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან 29 მარტს უნდა გავიდეს, თუმცა ბევრი პოლიტიკოსი ცდილობს პრემიერ მინისტრ ტერეზა მეის ვადა რამენაირად გადააწევინოს.

ლინეკერი, როგორც ზემოთ ვთქვით, ერთ-ერთი იმ არაპოლიტიკოსთაგანია, რომელიც ამ საკითხებში ძალიან აქტიურად ერევა.

ფეხბურთის ასოციაციის თასის მეოთხედფინალური მატჩები კი ასე დამთავრდა: „უოტფორდი” – „კრისტალ პალასი” 2:1; „სუონსი” – „მანჩესტერ სიტი” 2:3; „ვულვერჰემპტონი” – „მანჩესტერ იუნაიტედი” 2:1. მეოთხე შეხვედრა „მილუოლსა” და „ბრაიტონს” შორის დღეს გაიმართება.

ნახევარფინალში გავიდნენ: „უოტფორდი”, „მანჩესტერ სიტი” და „ვულვერჰემპტონი”.