ასეთ პირობებში თამაში, უბრალოდ, რაგბის შეურაცხყოფაა…
მარტში რუსული კრასნოდარი ცხრათალა მზით რომ ვერ დაგვხვდებოდა, ცხადი იყო, მაგრამ წვიმასა და ტალახში ბურთაობა ძალიან ძნელია.
საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე სეზონში არჩეულ სტრატეგიულ ხაზს არ უღალატა და აქცენტი ხელდახელ თამაშზე გააკეთა. გამარჯვებულებს არ სჯიანო, მაგრამ მილტონ ჰეიგს აქ ცოტა კი შეეშალა – სველი ბურთით გაჟღენთილ გრუნტზე ხელდახელ თამაში, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია.
კარგია, რომ ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ცვლილებები პირველსავე ტაიმში მოახდინა და აქცენტი შერკინებაზე გააკეთა. შედეგი მყისიერი იყო, ტექნიკური ლელოც მივითვალეთ და ტაიმიც 10:3 მოვიგეთ.
მეორე ნახევარმა ქართველთა უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა. ჯერ ცუცქირიძემ ჩაიხუტა ერთდროულად ბურთი და მეტოქის ჩათვლის მოედანი, მერე კი მოდებაძემ გადაკვეთა შედეგიანად ჩვენს მიერ ოკუპირებული ტერიტორია.
22:6 – კატასტროფული არა, მაგრამ დამაჯერებელი ანგარიში კია.
რუსებმა საამაყოდ ის იკმარონ, რომ მეოთხე ლელო და პრემიალური ქულა არ დაგვანებეს.