ვატო არველაძემ პოლონური „კორონას“ მაისურით ორ მატჩში სამი გოლი გაიტანა. ამ ორ მატჩს შორის კი იყო ვატოს კარიერაში ახალი მოვლენა – კერძოდ, ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ეროვნულ გუნდში გამოიძახა.
მოკლედ, ასე იყო: ვატომ ორჯერ გაუტანა „ვისლას“ და მისმა გუნდმა 2:6 წააგო. გამოიძახეს ნაკრებში. გავიდა ორი დღეც და ვატომ „იაგელონიასთან“ 3:1 მოგებულ შეხვედრაში ისეთი სოლო დადგა, წინა ორ ბურთს ერთად აღებული რომ სჯობდა. კლასი თუ არ გაქვს, ასეთს ვერ გაიტან.
ხომ იცით, როგორც ხდება. დაიწყო საუბრები, ნაკრებში არველაძეობის გამო გამოიძახესო. ასეთი ხმები საქართველოში სულ იყო, არის და იქნება… ვაღიაროთ, ზოგჯერ უსაფუძვლოდ და ზოგჯერაც კარგა მოზრდილი საფუძვლითაც.
იცით, ვატოს მამა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი გენერალური მდივანი და მანამდე ნაკრების ნახევარმცველი რეზო არველაძეა, ხოლო ბიძები – შოთა და არჩილ არველაძეები.
ჰოდა, მაშინვე დაირხა ხმები, მაგრამ ვატომ ამ კომენტარებს კოხტა გოლით უპასუხა. არის ბრალდება, როცა არგუმენტით ვერ პასუხობ და როცა იცი, რომ მართლა ცუღლუტობას აქვს ადგილი, მაგრამ “იაგელონიას” კარში გატანილი სარკე იყო…
თანაც, მე თქვენ გეტყვით, მაგარი თავდამსხმელებით განებივრებულები ვართ. პროგრესი აქვს უმცროს არველაძეს, საშუალო დონის ევროპულ ჩემპიონატში კარგად წაუვიდა თამაში და რა არის გასაკვირი, რომ ნაკრებში გამოიძახეს?!
მეორე საკითხია, რომ საქართველოში, თუნდაც ვატოს ასაკში, არაერთი ნიჭიერი, მოწადინებული და პროფესიონალი ფეხბურთელია. სამწუხაროდ, მათთვის ევროპაში წასვლა ბევრად გაძნელებულია. ეს კი ვატო არველაძის ბრალი არ არის.
მივდივართ ისევ სოციალურ საკითხებთან და ევროპულ საფეხბურთო კავშირებთან. ხელის წაკვრა ყველას სჭირდება. ზოგს ათი შანსი ეძლევა, ზოგს ხუთი, ზოგს ერთი, ზოგს არცერთი… ბედ-იღბლის ამბავია…
უმცროსმა არველაძემ შანსი გამოიყენა, მაგრად ათამაშდა და უფასდება კიდეც. იმედია, პროგრესს გააგრძელებს და ბიძასავით „აიაქსის“ დონის გუნდშიც ითამაშებს, თუ უფრო დიდ კლუბში არა…