რანიერიმ ფულემში ბოლო თამაში საუთჰემპტონს მოუგო

სულ ერთი თამაშია, რაც „რომაში” კლაუდიო რანიერი დაბრუნდა. იტალიელი, რომელსაც ხანგრძლივი კარიერის მიუხედავად უფრო იცნობენ როგორც კაცს, რომელმაც „ლესტერი” პრემიერლიგის ჩემპიონი გახადა, 8 წელიწადია რაც „ჯალოროსისთან” გაყრილი იყო. „სტადიო ოლიმპიკოზე” მისი კონტრაქტი ჯერჯერობით დროებითია, სეზონის ბოლომდეა ძალაში, მაგრამ როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე იქ წერია, რომ თუ მხარეები საცდელი პერიოდით კმაყოფილები დარჩებიან, ხელშეკრულება შეიძლება გახანგრძლივდეს.

„რომამდე” კი რანიერი ლონდონის „ფულემში” მუშაობდა და… ფეხბურთელები აუჯანყდნენ. ფაქტობრივად თავი გააგდებინა. ინგლისელმა ჟურნალისტებმა გამოიკვლიეს, რომ იტალიელს ბოლოხანს უცნაური ვარჯიშები შეყვარებია. მაგალითად, პრემიერლიგის მნიშვნელოვანი შეხვედრების წინ ის მოთამაშეებს არც ტაქტიკურ მეცადინეობებს უტარებდა და არც სტანდარტულებში ავარჯიშობდა, არამედ ხელბურთს ათამაშებდა.

ერთი სიტყვით, რანიერის „კრეივენ კოტეჯზე” ცუდი შედეგი ჰქონდა, 17 თამაშიდან მხოლოდ 3 მოიგო და ფეხბურთელებმა კლუბის ხელმძღვანელობასთან უჩივლეს.

საინტერესოა, რომ „ფულემის” დირექტორებმა მწვრთნელს მდგომარეობის გამოსწორების შანსი მისცეს, მან კი არაფერი შეცვალა — გუნდი, რომელიც პრემიერლიგის ერთ-ერთი მაჩანჩალა იყო, თამაშების წინ კვლავ ხელბურთის დარბაზში შეყავდა.

დღეს „ფულემი” 17 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა და „განგაშის სამეულში” თუ არ უნდოდა ყოფნა, 13 ქულით მეტი უნდა ჰქონოდა.

ხვალ ლონდონელები „ლივერპულს” მასპინძლობენ. მათ რანიერის შემდეგ დროებითი მწვრთნელი სკოტ პარკერი ხელმძღვანელობს.

„რომა” კი სერია A-ში მეხუთე ადგილზეა და დღეს „სპალს” სტუმრობს.