„მანჩესტერ იუნაიტედის“ ოდინდელი ვარსკვლავი, პოლ სქოულზი, „ოლდემის“ დამრიგებლად დანიშვნიდან 31 დღეში წამოვიდა გუნდიდან. მომატყუესო – თქვა.

„საწყენია, მაგრამ იძულებული ვარ, გაუწყოთ, რომ „ოლდემს“ ვტოვებ. ვიმედოვნებდი, კონტრაქტის ბოლომდე, ანუ 18 თვე გავჩერდებოდი კლუბში, მაგრამ ვითარება შეიცვალა. ხელმძღვანელებმა თავიდან ნათქვამი არ შეასრულეს. არადა, ყველამ: ფეხბურთელებმა, ქომაგებმა, მეგობრებმა და ოჯახის წევრებმაც იცოდნენ, რარიგ ამაყი ვიყავი ამ დანიშვნით.“ – უთხრა 44 წლის სპეციალისტმა ჟურნალისტებს.

სქოულზი „ოლდემის“ მთავარ მწვთნელად 11 თებერვალს დანიშნეს. ეს გუნდი ინგლისის ლიგა 2-ის (რანგით მეოთხე დივიზიონი) წარმომადგენელია და დღეისათვის 37 ტურის შემდეგ, 48 ქულით მე-14 ადგილზეა.

სქოულზს გარკვეული ფორმალობების მოგვარებაც დასჭირდა. ის „სელფორდ სიტის“ აქციონერიც გახლავთ და სხვა კლუბში სამუშაოდ საფეხბურთო ლიგის წერილობითი თანხმობაც სჭირდებოდა. თანხმობაც მიიღო, შვიდი მატჩის გამართვაც მოასწრო (ერთი მოგება, სამი ფრე და ამდენივე წაგება), თუმცა კლუბის მფლობელზე განაწყენდა და წამოვიდა.

საქმე ის არის, რომ „ოლდემის“  მფლობელი, აბდალა ლემსაგამი, ყოფილი საფეხბურთო აგენტი,  ახირებული კაცი გამოდგა. თავიდან უთქვამს, ჰა ბურთი და ჰა მოედანი, იმუშავე შენს  გემოზეო, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ შემადგენლობის შერჩევისას დასდგომია თავზე: ეს ათამაშე – ეს კი არაო. სქოულზი ამას აღუშფოთებია და ქუდიც დაუხურავს.

სხვათა შორის, იმ ლეგენდარული „მანჩესტერიდან,“ „კლას 92“ – რომ უწოდებენ, სქოულზის გარდა, კიდევ სამმა  მოთამაშემ სცადა მწვრთნელობა. გარი ნევილი „ვალენსიიდან“ 119 დღეში დაითხოვეს, რაინ გიგზი 19 დღეს იყო „მანჩესტერის“ „დროებითი,“ ხოლო ამჟამად უელსის ნაკრების დამრიგებელია. ფილ ნევილი კი ინგლისის ქალთა ეროვნულ გუნდს მოძღვრავს.