როცა მატჩის დაწყებამდე ერთი საათი რჩება,ალიანს-არენა ტარდიციულ წითელ ფერშია განათებული-ასე ხდება როდესაც “ბაიერნი” თამაშობს (სანაკრებო მატჩებისას თეთრია). წითელია “ლივერპულიც”, ეს ორი დიდი წითელი გუნდის ომია – ომი, რომელმაც მეოთხედფინალისტი უნდა გამოავლინოს…

მოულოდნელად პრობლემები შეიქმნა აკრედიტაციების მისაღებად. 350 ათასზე მეტი მოთხოვნა იყო ბილეთებზე, ბუნებრივია აკრედიტაციებზეც ბევრი განაცხადი შევიდა, ინგლისში ალბათ გამოცემა არ დარჩენილა, თავისი წარმომადგენელი რომ არ ჰყოლოდა მივლენილი მიუნხენში. სააკრედიტაციო პრობლემები, ჩვენი კოლეგის, უეფას მედია-ოფიცრის მამუკა კვარაცხელიას დახმარებით მოგვარდა და მადლობა მას ჩვეული გულისხმიერებისთვის.

ალიანს არენა… ეს ცალკე თემაა და მისი ეფექტი საოცრად შთამბეჭდავია. მოგვიანებით, მეორე დღეს ტურისტული ტურით როცა ვეწვიეთ ამ გრანდიოზულ ნაგებობას, ცარიელმაც კი იმხელა შთაბეჭდილება დატოვა, ცხოვრების ბოლომდე რომ ვერ დაივიწყებს კაცი და წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა გადაჭედილი…

ინგლისელთა ფანურ-გიჟობების ამბავი ხომ საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ მიუნხენელებმაც ჯეროვანი დახვედრა მოუწყვეს სქაუზერებს – ერთი ცალკე დიდი შოუ რადიკალ მასპინძელ ფანთა იმ სექტორში მიმდინარეობდა, სკამები რომ არ აქვს და ცარიელიც კი ზვიგენის დაღებული პირივით საშიშად მოსჩანს. იქ არასდროს არავინ ჯდება და არ ჩერდება, მაშინაც კი, როცა იშვიათი რამ ხდება და მათი გუნდი უიმედოდ მარცხდება…

13 მარტი კი მართლაც ის იშვიათი შემთხვევა იყო, შინაურ არენაზე მუდამ ფავორიტი “ბაიერნი” უშანსოდ რომ დამარცხდა. მეორე მსოფლიო ომის მერე, გერმანელთა ასეთი უიმედო კაპიტულაცია, ძნელი გასახსენებელია, არადა პირველი ტაიმის მერე მეც და ბევრი ჩემი კოლეგა გერმანელთა უპირატესობას ელოდა. ნოიერის ჩაფლავებას მოყოლილი მანეს ვირტუოზული გოლი, მიუნხენელებმა ტაიმის ბოლომდე გაქვითეს და ფსიქოლოგიურთან ერთად სათამაშო უპირატესობაც მოიპოვეს.

იფიქრებდი რომ კლოპის გუნდმა განსაზღვრულ დისტანციაზე საგრძნობლად ახლოს მოუშვა მასპინძლები და მეორე ტაიმში ინგლისელთა განკითხვა უნდა დამდგარიყო, მაგრამ, მოხდა საპირისპირო რამ, რამაც კიდევ ერთხელ ცხადყო იურგენ კლოპის გენიალურობა. ინგლისელთა გერმანელმა პირწმინდად მოუგო ტაქტიკური დუელი გერმანელთა ხორვატს. ერთი შეხედვით გადამწყვეტი, მანეს მეორე გოლი იყო – 1:3 რომ გახადა ანგარიში, თუმც ჩემი აზრით, ყველაფერი ვან დაიკის გოლისას გაირკვა. ეს არ იყო მხოლოდ დიდებული მცველის გატანილი გოლი, ეს იყო მოქმედება, რომელმაც თავდაჯერება შემატა ინგლისელებს – მე აქ ვარ – ჩვენ ერთად გავუმკლავდებით ამ სამუშაოს – ვან დაიკის საგოლე გარჯამ სწორედ ეს განწყობა შესძინა სტუმრებს. თავდაჯერებას კი საოცარი რამეების ჩადენა ძალუძს…

საოცრად ბედნიერი იყო კლოპი მატჩისშემდგომი პრესკონფერენციისას და ოდნავადაც არ დაუმალავს ეს განწყობა. ალბათ, სწორედ ეს უშუალობაა ის, რისთვისაც თითქმის ყველას უყვარს ეს ალალი გერმანელი. “უდიდესი გუნდი დავამარცხეთ, ბევრი გეგულებათ ისეთი, ვინც ამის გაკეთება შეძლო ამ სტადიონზე? ეს ფანტასტიურია, ისევე როგორც ლივერპულური სიდიადის შეგრძნება, ჩვენ დავბრუნდით, თან საოცრად დავბრუნდით და ყველაფერი წინ არის” – განაცხადა კლოპმა, რომელიც ორ ენაზე პასუხობდა ჟურნალისტთა შეკითხვებს და შეკითხვის მსურველი კი იმდენი იყო, პრესსპიკერს რამდენჯერმე მოუხდა დადგენილი რეგლამენტის შეცვლა…

მერე კი საოცრად გამიმართლა: ალიანს-არენადან გამგზავრებისას, ავტობუსში ასვლამდე კლოპი ამკრძალავ ბარიერთან შეკრებილი ფანებისკენ დაიძრა…

  • ქართველი ჟურნალისტი ვარ, სერ, ერთი ფოტო, თუ შეიძლება
  • სიამოვნებით… გიყვართ “ლივერპული”?
  • დიახ…გილოცავთ. შთამბეჭდავი გამარჯვებაა!
  • მაშინ მეც გილოცავთ. იმედია, ბევრჯერ გაგახარებთ. წარმატება ქართველებს…

მეტის საშუალება ეგზალტირებულ ქომაგთა სიმრავლემ აღარ მოგვცა… მერე კი იყო მიუნხენის ღამის მეტრო, ლუდის ნიაღვარი ვაგონებში და სიხარულით მეცხრე ცაზე მყოფ ბრიტანელთა გაუთავებელი როკვა მარიან პლაცზე…

ერთი ღამით მიუნხენი ინგლისური ქალაქი იყო….

პაატა კვანტალიანი მიუნხენიდან