ინგლისურმა „მირორმა” მიაქცია ყურადღება, რომ მიუნხენის „ალიანს არენაზე” „ბაიერნის” და „ლივერპულის” მატჩის დამთავრების შემდეგ („ლივერპულმა” 3:1 მოიგო) მერსისაიდელთა ჰოლანდიელმა მცველმა ვირჯილ ვან დიიკმა თანაგუნდელ ენდი რობერტსონს უყვირა.
რაზე შეიძლებოდა გასწყრომოდა იმ დღეს „ბაიერნის” კარში მეორე გოლის ავტორი თანაგუნდელს?
მეოთხედფინალში გასულ 8 გუნდს შორის (რომელთაგან 4 ინგლისურია) „ლივერპული” ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ამბიციური გახლავთ, ბოლოს და ბოლოს შარშანდელი ფინალისტია, მაგრამ მომდევნო მატჩს ის ხსენებული ენდი რობერტსონის გარეშე ითამაშებს. მიზეზი: რობერტსონმა 90+2 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და ამის გამო შემდეეგი მატჩის გამოტოვება უწევს.
BT Sport-თან ინტერვიუში ვან დიიკმა მომხდარის გაუბრალოება სცადა: „რას იზამ. ფეხბურთში ასეთი რამეები ხდება, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ რაც რობერტსონს შეემთხვა უბრალოდ უიღბლობა იყო.”
და სავარაუდოდ, დაყვირება, რომლითაც ეს ცნობა დავიწყეთ, სწორედ ამ ყვითელ ბარათს ეხებოდა. ყველაზე ლოგიკური იქნებოდა ვან დიიკს თანაგუნდელისთვის მიეძახა: „რას ქენი”, „ეს რა სისულელე ჩაიდინე” ან რამე ასეთი, მაგრამ „მირორი” სხვას გვიმტკიცებს. ინგლისური გაზეთი გვეუბნება, რომ ჰოლანდიელმა ენდი რობერტსონს დაახლოებით ამ შინაარსის რაღაც შეჰყვირა — მერე რა, რომ ყვითელი ბარათი მიიღე და შემდეგ თამაშს ტოვებ, მოწყენილი ნუ ხარ, მთავარია, რომ გუნდმა მოიგო და მოდი საერთო ზეიმში მონაწილეობა მიიღეო.
ნეტავ, ეს გამხნევება იყო თუ კლუბური პატრიოტიზმისკენ მოწოდება?