„რეალში” ზინედინ ზიდანის დაბრუნებას დიდი ალიაქოთი მოჰყვა. ყველა აღელვებულია და ყველაფერზე რეაგირებს. ასეთი საგიჟეთისთვის კი სოციალური ქსელები გახლავთ ზედგამოჭრილი ადგილია. და აი, ასეთ დელიკატურ მომენტში გარეთ ბეილმა კარგად ვერ მოზომა რა დაეპოსტა თავის „ტვიტერში”.
ორშაბათს, როდესაც ზიდანს მადრიდში ნიშნავდნენ ბეილმა, თითქოს ამქვეყნად არ ყოფილიყო, გასული ზაფხულის დროინდელი უდარდელი ვიდეო გამოამზეურა, სადაც ის გოლფის თამაშით ნებივრობს და წარწერაც იმდღევანდელი მადრიდული კონტექსტიდან სრულიად მოგლეჯილი გაუკეთა: „დაბრუნება გასულ ზაფხულში, როდესაც PGA TOUR-ზე ერთ-ერთი უდიდესი ტესტი გავიარე”.
ეს PGA TOUR ჩრდილო ამერიკაში აწყობს გოლფის შეჯიბრებებს.
უელსელის ასეთ ნეტარ პოზიციაში ყოფნა „რეალის” გულშემატკივრებმა ვერ აიტანეს. იმ წელიწადს, როდესაც გუნდმა ყველა ტურნირი ჩააფლავა, „ბარსელონასთან” დამარცხდა და დამარცხდა, ჩემპიონთა ლიგაში კი „აიაქსთან” სტუმრად მოგებული 2:1 ვერ შეინარჩუნა, მათთვის ბეილის საზაფხულო გოლფ-ტური გამაღიზიანებელი გამოდგა; მითუფრო, იმ დღეს, როდესაც კლუბში მათი ლეგენდის დაბრუნების საკითხი წყდებოდა.
„გთხოვ, წადი მადრიდიდან” — ევედრებოდა ბეილს ერთი გულშემატკივარი.
„ზიზუ ბრუნდება…” — ემუქრებოდა მეორე.
„სამარცხვინო ადამიანო. შენ ერთ-ერთი ყველაზე გაბუქული ფეხბურთელი ხარ, ვინც კი ოდესმე მინახავს. ბედნიერებას გისურვებ შენს უმაქნის ტოტენჰემელ ძმაკაცებთან ერთად ამ ზაფხულს” — მიალანძღა მესამემ.
„ზიდანი დაბრუნდა. დაგვემშვიდობე შე ხელმოცარულო” — მიაძახა მეოთხემ.