მადრიდში მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდა. „მარკა“ წერს, რომ სულ მალე მას მერე რაც ზინედინ ზიდანზე ითქვა, რომ ის „რეალში” ბრუნდება, ლეგენდარულმა ფრანგმა უკვე „ლოს ბლანკოსის” მწვრთნელის რანგში მოაწყო პრეს-კონფერენცია. ჟურნალისტებთან შეხვედრაზე მას გარს ეხვივნენ ყოფილი თანაგუნდელები, მათ შორის რაული და რობერტო კარლოსი. ზიზუს აგრეთვე ახლდნენ კლუბის დირექტორატის წევრები და მეუღლე ვერონიკი.

ზიდანმა „რეალთან” 2022 წლამდე გააფორმა კონტრაქტი.

„ეს არის ახალი პროექტი. ჩვენ ახალ ეპოქას ვიწყებთ და მას „რეალის” ერთ-ერთი უდიდესი სიმბოლო ზინედინ ზიდანი გაუძღვება, — თქვა კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა, — მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი ჩვენთან არის. გმადლობთ, ზიზუ!”

ზიდანი: „ვიცი, რომ დღეს ყველასთვის საგანგებო დღეა. მე ბედნიერი ვარ და როგორც პრეზიდენტმა თქვა მთავარი სწორედ ეს არის.

სათქმელი ბევრი არაფერი მაქვს. ერთი სული მაქვს მუშაობას შევუდგე და „რეალი” დავაბრუნო იქ, სადაც მისი ადგილია. ამ წუთას კი მხოლოდ ხვალინდელ ვარჯიშზე ვფიქრობ.

ერთი ხნის წინ კლუბიდან წავედი, მაგრამ შორს არ ვყოფილვარ. მადრიდში ვცხოვრობ და ახლა მიხარია, რომ ვბრუნდები. რატომ წავედი? იმიტომ, რომ ამდენი ტიტულის მოგების შემდეგ მე თავად მჭირდებოდა ასე. კლუბისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ფეხბურთელებისთვისაც ასე იყო უკეთესი. აქ ცვლილებები უნდა მომხდარიყო.

დაბრუნებით კი იმიტომ დავბრუნდი, რომ პრეზიდენტმა დამირეკა. მე კი მიყვარს ეს კლუბი და ფლორენტინო პერესს უდიდეს პატივს ვცემ.

ამრიგად, რვა თვის შემდეგ მე ისევ „რეალში” ვარ და ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება ყველასთვის სასარგებლოა. ჩვენ ცვლილებები უნდა დავიწყოთ.

ახლა მოგახსენებთ რაზე გავამახვილებ ყურადღებას. რასაკვირველია, ჩვენს დიდ წარმატებებს არ დავივიწყებ, მაგრამ არც ის დამვიწყებია რა არ გამოგვივიდა. ჩვენ მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ ესპანეთის ჩემპიონები და თასის მფლობელები ვერ გავხდით.

თუმცა, წარსულით ცხოვრებას არ ვაპირებ. წარსულზე ჩაკეტილი ადამიანი რომ ვიყო, აქ არ დავბრუნდებოდი.

სიამოვნებით ჩავუდგები სათავეში ახალ პროექტს. სიამოვნებით ვიწყებ გუნდის წვრთნას. თუმცა, ვიმეორებ, ჯერჯერობით მხოლოდ დარჩენილ 11 შეხვედრაზე ვფიქრობ.

რაც შეეხება კრიშტიანუს. ჩვენ ყველამ ვიცით ვინ იყო ის. რონალდუ „რეალის” დიდი ისტორიაა, მას ვერავინ შეცვლის, ის საუკეთესოა, მაგრამ პანაცეა არ არის.

სხვა კლუბები მიწვევდნენ, მაგრამ სხვაგან წასვლა არ მინდოდა. ახლა „რეალში” ეს სეზონი უნდა დავამთავრო და მერე შემდეგი სეზონისთვის დავიწყებთ მზადებას.

პრეზიდენტმა რომ დამირეკა ყოველივე იმის მერე რაც მოხდა, უარი ვეღარ ვუთხარი. მან კარგად იცის რასაც განიცდიან მწვრთნელები და ფეხბურთელები წარუმატებლობის დროს, რა ხდება გუნდში.

მე თავად ვიყავი მწვრთნელი და ეს გრძნობები ჩემთვისაც ნაცნობია.

რაც შეეხება ისკოს, მარსელოსა და გარეთ ბეილის პრობლემებს. გუნდში არ ვმუშაობდი და არ ვიყავი მათ ამბებში ჩართული. ამიტომ, მინდა ჩვეულებრივ გავაგრძელო მუშაობა. მე ისინი შაბათს მჭირდებიან”.

შაბათს „რეალი” „სელტასთან” თამაშობს.

ამბობენ, რომ ზიდანმა ფლორენტინო პერესს რამდენიმე ულტიმატუმიც წაუყენა. კერძოდ: გუნდს მხოლოდ ის უნდა აკონტროლებდეს; გაყიდის იმ მოთამაშეებს, რომლებიც არ სჭირდება; მარსელო და ისკო არ იყიდებიან; ნეიმარის შეძენა არ არის საჭირო; ხამეს როდრიგესი არ უნდა დაბრუნდეს; კლუბმა უნდა სცადოს „პარი სენ ჟერმენიდან” კილიან მბაპეს შეძენა.

მართალია ეს ყველაფერი თუ არა, მალე გამოჩნდება.