ფოტო აღებულია “ლოკომოტივის” ფბ-გვერდიდან

„ტორპედო“ რეკორდს ვერ შესწვდა

ტურის პირველ მატჩში, „ტორპედომ“ „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და მოულოდნელად 0:2 დამარცხდა. რკინიგზელებმა ერთობ ორგანიზებული დაცვა დაუპირისპირეს ქუთათურებს, ორჯერ კი კონტრშტევებზე თავად იხეირეს.

„ტორპედოს“ ერთი არწაგება დააკლდა ეროვნული ჩემპიონატების რეკორდამდე. არადა, ძალიან შთამბეჭდავი – 27 მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა, რაც ქართულ რეალობაში იშვიათი მოვლენაა. აქედან, რიონისპირელები ელიგაში 22 შეხვედრა არ დამარცხებულიყვნენ და ხუთი წარმტებული მატჩი კიდევ დავით ყიფიანის სახელობის თასზე ჩაეტარებინათ. ბოლოს „ტორპედოს“ ჩემპიონატში შარშან, 23 ივნისს წაეგო „საბურთალოსთან“ (1:2)…

ბათუმის პირველი და თანაც როგორი

თბილისის და ბათუმის დინამოელთა მატჩი „დინამო არენაზე“ სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. გიორგი გადრანის მე-12 წუთზე გატანილი ბურთი ერთადერთი აღმოჩნდა შეხვედრაში.

ფოტო აღებულია ბათუმის “დინამოს” ფბ-გვერდიდან

ეს ბათუმელთა პირველი გოლი და პირველი გამარჯვება გახლდათ მიმდინარე სეზონში. აი, თბილისელები კი ზედიზედ მეორედ დამარცხდნენ და პერსპექტივაც ბუნდოვანი უჩანთ. ამის თქმის საბაბს გაურკვეველი მენეჯმენტი, საეჭვო კვალიფიკაციის ლეგიონერები და ბუნდოვანი სტრატეგია გვაძლევს. ღმერთმა ქნას, ვცდებოდეთ. მხოლოდ გაგვიხარდება.

ყოჩაღი ოგნიენი

„საბურთალომ“ მიჯრით მესამე შეხვედრაც მოიგო და დამსახურებულად უდგას ცხრილს სათავეში. ჩემპიონები მიზანმიმართულად მოქმედებენ და იციან რა უნდათ. მაგალითად, რუსთაველებთან მატჩში მათ სამი ქულის აღება ჰქონდათ დაგეგმილი და მოიპოვეს კიდეც. თუმცა, თავიდან აგებდნენ, მაგრამ არ გატყდნენ, ხასიათი გამოავლინეს და გაიმარჯვეს. ბოლო წუთზე, როცა როლოვიჩმა გამარჯვების გოლი გაიტანა, მოწინააღმდეგის მოედანზე 10 (!) საბურთალოელი იყო… ეს კარგი მაგალითია იმისა, რომ გუნდი ბოლომდე იბრძვის წარმატებისთვის.

ცალკე გამოსაყოფია ჩემპიონთა ჩერნოგორიელი ახალწვეული, ოგნიენ როლოვიჩი, რომელმაც სამ შეხვედრაში უკვე 4-ჯერ გამოიჩინა თავი. თანაც ყველა მატჩში შეცვლაზე ითამაშა. რუსთაველებთან მან დუბლი მიითვალა და ორივე გოლი ისეთი იყო, შემსრულებლის ხელწერა ეტყობოდა. ვითომ ხარისხიანი ლეგიონერი გამოჩნდა ჩვენს ჩემპიონატში? მოდით, ჯერ ნუ ვიჩქარებთ. დავაცადოთ და დრო თავად გაგვცემს პასუხს.

ეს მატჩში 150-ე ოფიციალური შეხვედრა გამოდგა საბურთალოელთა კაპიტანის, გაგი მარგველაშვილისთვის, რომელიც თბილისურ კლუბში 2013-14 წლების სეზონიდან ასპარეზობს.

საბურთალოელები შარშანდელ მიღწევას უახლოვდებიან, როცა საჩემპიონო სეზონი მიჯრით ოთხი მოგებით დაიწყეს.

მომდევნო ტური კი ძლიან საინტერესო მატჩით გაიხსნება. პარასკევს, 15 მარტს, „საბურთალო“ „მიხეილ მესხზე,“ 20 საათზე, ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლებს. ჩვენი აზრით, ეს დღევანდელ რეალობაში, ქვეყნის ორი საუკეთესო გუნდის შეხვედრა იქნება.

მე-3 ტური: ტორპედო 0:2 ლოკომოტივი, დინამო 0:1 ბათუმი, საბურთალო 2:1 რუსთავი, ვიტ ჯორჯია 1:1 ჩიხურა, დილა 0:0 სიონი

სატურნირო მდგომარეობა

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
ბათუმი362112373:2775
დინამო36217859:2870
დილა361710948:3561
საბურთალო361512952:4057
ლოკომოტივი361581357:5953
თელავი361281635:5344
სამგურალი369141334:4641
ტორპედო369131438:4440
შუქურა365121928:4927
სამტრედია36562533:7621

მე-4 ტური

15 მარტი: საბურთალო – ტორპედო (20:00)

16 მარტი: რუსთავი – ჩიხურა (18:00), ბათუმი – დილა (20:00)

17 მარტი: სიონი – ვიტ ჯორჯია (16:00), ლოკომოტივი – დინამო (19:00)

 მეგოლეები: ოგნიენ როლოვიჩი (საბურთალო) – 4, ვილი ისიანი, ჯაბა უგულავა (ორივე – სიონი), ლევან შენგელია (დინამო), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი), ლაშა შინდაგორიძე (საბურთალო) – 2

წილი
წინა სტატიამხოლოდ იმედის იმედად?
შემდეგი სტატიავინ ვის რა და რატომ აჩვენა
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.