მარკუს რეშფორდმა თავისი საცხოვრებლის გარშემო კედლის აგება და შიგ ჭიშკრის ჩაყენება გადაწყვიტა, რითაც მეზობლები გააბრაზა. 21 წლის თავდამსხმელი ჩეშირში, კერძოდ ვილმსლოუში, სადაც 1,2 მილიონ გირვანქად შეფასებული სახლ-კარი აქვს, ორმეტრიანი გალავნის აშენებას გეგმავს.

აღშფოთებული მეზობლები ყველა ღონეს ხმარობენ, რეშფორდს აგდგილობრივმა ხელისუფლებამ მშენებლობის ნებართვა რომ არ მისცეს. ისინი ამბობენ, რომ ჭიშკრის გაღება მათ ქუჩაზე, რომელიც ფაქტობრივად ტრასაა და მასზე მანქანები მოძრაობენ, ავტოავარიის საშიშროებას და საცობებს გააჩენს.

ვილმსლოუს საქმეებში ჩახედულმა წყარომ პრესას ასე უთხრა: „მარკუსი შესაძლოა „მანჩესტერ იუნაიტედის” გულშემატკივართა კერპია, მითუფრო ბოლოხანს, როდესაც ჩემპიონთა ლიგაში „პარი სენ ჟერმენთან” შეხვედრის გმირი გახდა, მაგრამ დამიჯერეთ, აქაური მეზობლებისთვის ის არავინაა. სავარაუდოდ, ადგილობრივი დაგეგმვის კომიტეტი მას ღობის აშენების უფლებას არ მისცემს”.

როგორც ირკვევა, იქვე, ახლოს, ლაიმის სამი ხეა, რომელთაც რეშფორდის მშენებლობამ შეიძლება ხიფათი შეუქმნას. ამას, თავის მხრივ, გარემოს დაცვის ექსპერტები შეუშფოთებია.

ახლა კი ყველაფერს რეშფორდის თვალით შევხედოთ. ამასწინათ, მისი თანაგუნდელის, პოლ პოგბას სახლთან რამდენიმე მეტრში დანით 17 წლის სკოლის მოსწავლე მოკლეს. პოგბასა და რეშფორდის სახლები კი მეზობელ სოფლებშია. გარდა ამისა, შარშან, სწორედ ამ რეგიონში, ფეხბურთელების სახლებს ქურდებმა დაუარეს. ისინი ელოდებოდნენ, როდის წავიდოდნენ სახლიდან პატრონები და საქურდავად შედიოდნენ.

2018-ის სექტემბერში „მანჩესტერ სიტის” ვარსკვლავის რაჰიმ სტერლინგის სახლს სულაც მძარცველები ერჩოდნენ.

ოქტომბერში, ოქსფორდშირში, დევიდ ბექემის სახლს ნიღბიანები „უტევდნენ”.

სხვათა შორის, მარკუს რეშფორდს უძრავი ქონების გაქირავების ფირმა Mucs Properties Ltd აქვს და შორიახლოს, ბოუდენში მიწის ნაკვეთსაც ფლობს.

 

 

 

წილი
წინა სტატიაქუთაისში “შავები” დაარბიეს
შემდეგი სტატიაინგლისი გაგიჟდა
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...