„მანჩესტერ იუნაიტედი” ნორვეგიულ „მიოლდეს” 6 მილიონ გირვანქას გადაუხდის და ისიც კეთილი ნების ჟესტი იქნებაო, წერს „სანი” ოლე გუნარ სულშერის შესახებ გამოქვეყნებულ ცნობაში. იქვე გამოცემა ადასტურებს, რომ სულშერის დროებითი მწვრთნელის პოსტიდან „პერმანენტული შეფის” თანამდებობაზე გადაყვანა ორიოდ კვირის ამბავიღაა და ინგლისურ კლუბს, ამ საქმეში, ნორვეგიულისთთვის წესით პენიც კი არ აქვს გადასახდელი.

მოგეხსენებათ, მანჩესტერელთა ყოფილმა ფორვარდმა „ოლდ ტრეფორდზე” ჟოზე მოურინიუ შეცვალა. ეს დეკემბერში მოხდა. მაშინ სულშერი „მიოლდეში” მუშაობდა და როგორც „სანი” წერს, კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა, რადგან ერთდროულად ორ კლუბში მუშაობა არ შეიძლება.

ნორვეგიულ მედიაში კი წერენ, რომ მართალია სულშერი ინგლისში დროებითი მწვრთნელის რანგში გაისტუმრეს, მაგრამ იმთავითვე კარგად ხვდებოდნენ, რომ ის ზაფხულში დამბრუნებელი აღარ იყო. სხვა სიტყვებით, ნორვეგიელებმა იცოდნენ სულშერის მწვრთნელობის ამბავი და ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ მას მანჩესტერში დაიტოვებდნენ.

აღსანიშნავია, რომ „მიოლდეს” ხელმძღვანელებმა თავიანთ მწვრთნელს დაბრკოლება არ შეუქმნეს და როგორც კი მას „იუნაიტედიდან” მიწვევა მოუვიდა, ხელად გაათავისუფლეს. მანჩესტერულმა კლუბმა კი ეს დააფასა და კეთილი ნების სახით 6 მილიონის გადახდას აპირებს, ოღონდ მხოლოდ მას მერე, რაც ოფიციალურად გამოცხადდება, რომ სულშერი დროებითი მწვრთნელი აღარ არის და მან „მუდმივმოქმედ” კონტრაქტს მოაწერა ხელი.

რასაკვირველია, 6 მილიონი გირვანქის შედარება 40 მილიონთან, რომლის გადახდაც „მანჩესტერ იუნაიტედს” „ტოტენჰემ ჰოთსპურისთვის” მაურისიო პოჩეტინიოს სანაცვლოდ მოუწევდა, არც კი შეიძლება.

შეგახსენებთ, რომ რაც ოლე გუნარ სულშერმა ჟოზე მოურინიუ შეცვალა, გუნდმა 16 შეხვედრიდან 13 მოიგო და ჩემპიონთა ლიგაში „პარი სენ ჟერმენთან” შინ წაგებული 0:2 სტუმრად შემოატრიალა — 3:1.