ფილიპე კოუტინიუ შეიძლება პრემიერლიგაში დაბრუნდეს, თან „ლივერპულის” დიდი მოქიშპის, „მანჩესტერ იუნაიტედის” შემადგენლობაში. ბრაზილიელი „ლივერპულიდან” „ბარსელონაში” 2018 წლის იანვარში 164,5 მილიონ ევროდ გადაბარგდა, მაგრამ „კამპ ნოუზე” ფეხი ვერ მოიკიდა. გუშინ, „ბარსასა” და „რაიო ვალეკანოს” შეხვედრაში (3:1) „ბლაუგრანას” გულშემატკივარმა მას უსტვინა კიდეც.

„ბარსელონაში” პიკე, მესი და სუარესი გამოირჩნენ, კოუტინიუ კი თამაშის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე რაკიტიჩმა შეცვალა. სხვათა შორის, სწორედ კოუტინიუს ნაცვლად შესულმა რაკიტიჩმა მიაწოდა სუარესს საგოლე პასი.

როგორც „მირორი” წერს, კოუტინიო გრძნობს, რომ „ბარსელონაში” აღარ უნდა დარჩეს და მეგობრებისთვის უთქვამს, „მანჩესტერ იუნაიტედში” ბიჭებს დავურეკე, თქვენთან გადმოსვლის რაიმე ვარიანტი თუ არსებობსო.

ცნობილია, რომ ბრაზილიელს პრემიერლიგის ფეხბურთი ენატრება, მაგრამ იცის, რომ იურგენ კლოპის „ლივერპულში” მას გაშლილი ხელით არ მიიღებენ. მიზეზი: მერსისაიდური გუნდიდან „ბარსელონაში” გადაბარგების წინა ზაფხულს მას ვარჯიშზე უარი უთქვამს — ერთგვარი გაფიცვა გამოუცხადებია. „ლივერპულს” ცხადია თავისი მაშინდელი „თილისმის” გაყიდვა არ უნდოდა, მაგრამ აჯანყებულთან ვერაფერი გააწყო და კატალონიელებს ზამთრის ტრანსფერზე დათანხმდა.

ამბობენ, რომ მაშინ „ლივერპულის” სპორტულმა დირექტორმა მაიკლ ედვარდსმა „ბარსელონას” წარმომადგენლებს უთხრა, თუ თქვენ კიდევ მოგინდებათ ჩვენგან ფეხბურთელის შეძენა, პრემიას გადაგვიხდითო და, როგორც ამბობენ, ეს პუნქტი ოფიციალურად შეატანინა ხელშეკრულებაში. ამან კლუბებს შორის ურთიერთობა დაძაბა და კოუტინიუს „ენფილდზე” დაბრუნება პრობლემური გახადა.

ამრიგად, დღეისათვის ისე ჩანს, რომ კოუტინიუსთვის სასურველი კლუბი „მანჩესტერ იუნაიტედია”, თუმცა ბრაზილიელის შეძენა „პარი სენ ჟერმენსაც” სდომებია.

მიმდინარე სეზონში, ყველა შეჯიბრებაში ერთად, ფილიპე კოუტინიუმ „ბარსელონას” მაისურით 38 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გადააწოდა.