იტალიური სერია ა-ს მორიგ ტურში „იუვენტუსმა“ რონალდუს გარეშე 4:1 დაარბია „უდინეზე“ და ზედიზედ მერვე სკუდეტოს კიდევ უფრო დაუახლოვდა.

უახლოეს მდევარ „ნაპოლისთან“ სხვაობა 19 ქულამდე გაიზარდა. ტურინელთა ჩემპიონობა ნეაპოლელებსაც კი აღარ ეეჭვებათ, მაგრამ ანდრეა ანიელის მხოლოდ სკუდეტო ეცოტავება. ამან დაბადა ხმები, რომ სეზონის დასრულების შემდეგ კლუბი მწვრთნელ მასიმილიანო ალეგრის დაემშვიდობება.

მასიმილიანო ალეგრის ატლეტიკოსთან კრიშტიანუ რონალდუს გოლების იმედი აქვს

იტალიურმა მედიამ უკვე დაასახელა ანიელის სამიზნე – ხოსეპ გვარდიოლა. ესპანელი სპეციალისტი ლამის წარმატების სიმბოლოდ იქცა და ბუნებრივია, ზიდანთან ერთად ყველაზე მოთხოვნად მწვრთნელთა შორისაა. პრობლემა „სიტისთან“ გვარდიოლას მოქმედი კონტრაქტია, მაგრამ როდის ყოფილა, ანიელის რამდენიმე მილიონის გამო ჩანაფიქრზე ხელი აეღოს?!

იტალიელი ჟურნალისტების აზრით, გვარდიოლას ტურინში გადაბარგების ალბათობა მკვეთრად გაიზრდება, თუ „სიტი“ პრემიერლიგას ან ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, დუბლის შემთხვევაში კი შანსი ლამის 100%-იანი გახდება – გვარდიოლას უყვარს ტრიუმფატორის როლში წასვლა და მისი ხასიათის ეს თავისებურება ყველამ კარგად უწყის.

რას ფიქრობს ალეგრი? ერთგვარად თავს იმართლებს: მიუნხენის „ბაიერნი“ ლიგის მოგებას 10 წელი ელოდნენ, „ჩელსიმ“ კი სწორედ მაშინ მოიგო, როცა არ იმსახურებდაო. მასიმილიანოს განმარტებები ტურინული კლუბის ბოსებისა და ფანებისთვის ნაკლები ნუგეშია. უკვე დარწმუნებულნი არიან, რომ სკუდეტოს „იუვე“ უმწვრთნელოდაც მოიგებს და მიზანი ლიგაა.

ჩემპიონთა ლიგაში „იუვენტუსს“ თითქმის დაუძლეველი ბარიერი აქვს გადასალახი. გასვლაზე მადრიდის „ატლეტიკოსთან“ 0:2 მარცხმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. მადრიდელებს ჩინებულად ეხერხებათ გაუვალი დაცვის ორგანიზება, სამჯერ ამის გაკეთება კი „იუვესთვისაც“ წარმოუდგენლად მოჩანს.

დაველოდოთ. თუ „იუვენტუსი“ ლიგას დაემშვიდობა, გვარდიოლას თემა გაცილებით აქტუალური გახდება.